გაზის გამათბობელი

თბილისში 31 ათასზე მეტი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი მოხსნეს

72
(განახლებულია 13:37 26.01.2018)
„ყაზტრანსგაზ–თბილისის“ გაფრთხილება: ნუ ეთამაშებით CO-ს. CO კლავს!

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ სპეციალისტებმა 2017 წლის განმავლობაში შენობისა და წყლის 31 ათასზე მეტი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი მოხსნეს.

ცენტრალური გათბობის სისტემის არარსებობის გამო თბილისის მოსახლეობა შენობისა და წყლის გათბობის ინდივიდუალური სისტემებით სარგებლობს როგორც მრავალბინიან კორპუსებში, ისე კერძო სახლებში. ეს სისტემები, ძირითადად, ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებია.

გლდანში, სანზონასა და თემქაზე სპეციალისტებმა გაზის გამათბობლების არასწორად დამონტაჟების დაახლოებით 15,7 ათასი შემთხვევა გამოავლინეს, სამგორში – დაახლოებით 14,2 ათასი, საბურთალოზე – 3 ათასზე მეტი, ნუცუბიძეზე – 2,4 ათასი, დიდუბესა და დიღომში – დაახლოებით 5,7 ათასი, ვაკესა და წყნეთში – 1,3 ათასზე მეტი, ისანსა და ვაზისუბანში – დაახლოებით 9,7 ათასი, ჩუღურეთში – დაახლოებით 8,3 ათასი, ხოლო მთაწმინდა–კრწანისში – 6,8 ათასზე მეტი.

„მაგრამ, სტატისტიკური მონაცემებით, ჩახსნილი საშიში დანადგარების 50% მეპატრონეებმა კვლავ მიაერთეს. ნუ ეთამაშებით CO-ს. CO კლავს!“ – აცხადებენ კომპანიაში.

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2015 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში 82 ადამიანი დაიღუპა. ამავე პერიოდში მოიწამლა 325 ადამიანი; აქედან მხოლოდ 2016 წელს – 154 ადამიანი და აქედან 29 გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით „ყაზტრანსგაზ–თბილისი“ დედაქალაქის მერიასთან ერთად ატარებს მასშტაბურ სოციალურ კამპანიას „მეტი უსაფრთხოებისთვის“.

კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, ნებისმიერი გამათბობლის ყიდვისა და დამონტაჟების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 2 40 40 04, ან ავარიულ სამსახურში – 114.

გამოძახების შემდეგ სპეციალისტები შეამოწმებენ ხელსაწყოს, გასცემენ შესაბამის მითითებებს და ჩაატარებენ ინსტრუქტაჟს. მომსახურება უფასოა.

72