ლიანდაგი

ასეც ხდება: საქართველოში ლიანდაგის რელსები მოიპარეს

140
(განახლებულია 19:40 07.12.2017)
ბრალდებულებმა მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხაზიდან ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 21 ნოემბერს ქალაქ ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა, რომლებიც შპს „დემირიოლ სერვიზში“ მუშაობდნენ, მარაბდა-კარწახის რკინიგზის ხაზიდან ამავე კომპანიის კუთვნილი რელსები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 4–დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


140
თეგი:
ქურდობა, თაღლითობა, შს სამინისტრო
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
პატრული

„სამჯერ გაისროლეს და ფული წაიღეს“ კლინიკაზე თავდასხმის დეტალები

42
(განახლებულია 17:30 01.12.2020)
ამ დროისათვის უცნობია კლინიკიდან წაღებული თანხის ზუსტი რაოდენობა – ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კლინიკიდან 5 ათასი ლარი გაიტაცეს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. „თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე“ თავდასხმა ორმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა, განაცხადა სამედიცინო დაწესებულების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან. 

ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეთა დაკავების მიზნით ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს. 

„თავდასხმა დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე მოხდა. ორი შეიარაღებული პირი კარის გაღებას მოითხოვდა. სამჯერ გაისროლეს, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა კლინიკის ინვენტარი. მათ ფული წაიღეს“, – განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო კილაძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის წაღებული თანხის ოდენობა დგინდება. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კლინიკიდან 5 ათასი ლარი გაიტაცეს.

„მედიაში გავრცელებული რიცხვი სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა კილაძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

42
თემები:
შემთხვევები საქართველოში
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი კომენდანტის საათის დროს

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

29
(განახლებულია 17:06 01.12.2020)
რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძოლა COVID-19-თან: ერთ დღეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა>>

რთული ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებული არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 905 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი ვოლსკი

ვოლსკი: ოპოზიცია ქვეყანაში დაუმორჩილებლობის ტალღის აგორებას ვერ შეძლებს

8
(განახლებულია 17:25 01.12.2020)
მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების პათოსით ერთნაირია, მიზანი კი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

 

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე–სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში დაუმორჩილებლობის მეორე ტალღას ვერ ააგორებს, რამდენადაც ხალხს კარგად ესმის თუ რამდენად მძიმე გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და მსოფლიო. 

ასე გამოეხმაურა ვოლსკი ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა არ დაემორჩილონ შემზღუდველ რეგულაციებს, რადგანაც ბევრი მათგანი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამის სარჩელი უკვე შევიდა.

 „მუქარა, რომ საქართველო დაუმორჩილებლობამ უნდა მოიცვას, ყოველივე ეს ამ ოპოზიციური ერთობის საერთო განწყობა და შინაარსია, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციით ემუქრება“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო, მთავრობამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. 

ცერცვაძე: ვირუსის გართულებები საფრთხეს უქმნის როგორც ხანდაზმულებს, ასევე ახალგაზრდებს>>>

დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალუტი ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები, სასწავლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინეს – 79 ფიზიკური პირი „იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის“ ფაქტზე, 905 კი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. დარღვევის გამეორება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში