დაკავება

ქრთამის სახით 10 ათასი დოლარი: ზუგდიდში ჩინოვნიკი დააკავეს

155
(განახლებულია 15:47 04.12.2017)
ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 20 000 აშშ დოლარი მოსთხოვა

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი რამაზ ბეჭვაია დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ზუგდიდში რესტორნის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სამშენებლო პროექტის დამტკიცების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 20 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ბრალდებული მას შემდეგ დააკავეს, რაც მან წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი — 10 000 აშშ დოლარი.

„ვადასტურებ, რომ დაკავებულია ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ… თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი გადაცდომა იქნება კანონის შესაბამისად უმკაცრესად დასჯილი", — განაცხადა „Sputnik — საქართველოსთან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 —წლამდე ვადით.

შოთა ნოზაძე

155
თეგი:
ქურდობა, თაღლითობა
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
მცხეთის რაიონული სასამართლო

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

76
პროკურორის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთმა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

ვახტანგ ჩიქოვანს, მორაგბეებს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ორ სხვა არასრულწლოვან ბრალდებულთან ერთად ბრალი ედებათ შაქარაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 19 წლის ფეხბურთელის მიზეზი ასფიქსია გახდა - ის წყალში დაიხრჩო. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებს გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქმეთა განხილვის გადადების რეკომენდაცია მისცა, მოსამართლემ კიდევ ერთი დღე დაამატა და მას „ამ საქმის სწრაფად დახურვა სურს“.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რა დავალებაც აქვს მიცემული სასამართლოს. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე კი, თავის მხრივ, ბრალდებულთა საქციელს პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ. გარდა ამისა, პროკურორი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში არანაირი „პოლიტიკური მოტივი“ არ არსებობს.

„წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი. მათი ქმედებები მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. დღეს სასამართლომ დაინახა დაცვის მხარის ქმედებები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ასეთ განცხადებებს ძალიან მრავლად აკეთებს დაცვის მხარე. მე მივაწერ უფრო დაცვის მხარის უსუსურობაზე, ვერ წარმოაჩენენ თავის პოზიციას დადებითად სასამართლო პროცესებზეც და გარეთაც, შემდეგ ცდილობენ, ვინმეს გადააბრალონ, თითქოს პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის შემდგომი არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინაშე 100-ზე მეტი მოწმე უნდა წარდგეს.

76
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
დაკავება

დიღომში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი შსს-ს თანამშრომელმა დააყაჩაღა

117
(განახლებულია 20:03 03.12.2020)
ვინაიდან ბრალდებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიაზე შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიების ცნობით, 27 ნოემბერს ბრალდებული ექსპრეს-ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 ათას ლარზე მეტი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. იგი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი და გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

117
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თბილისი

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ივენთ კომპანიების განაცხადების მიღებას იწყებს

0
(განახლებულია 11:50 04.12.2020)
ივენთ კომპანიები სესხის პროცენტის სუბსიდიების პროგრამაში ადრეც იყვნენ ჩართული,  ახლა სახელმწიფო მათი ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებასაც მოახდენს, ვინაიდან ამ კომპანიებს გარკვეული ინვენტარი აქვთ ლიზინგით შეძენილი

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ ფარგლებში 4 დეკემბრიდან განაცხადების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ჰპირდება სახელმწიფო ბიზნესს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სანაცვლოდ>>

კორონავირუსის პანდემიამ და ამის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს. მთავრობა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ამ პრობლემების შემსუბუქებას ცდილობს. ამჯერად ხელისუფლება ბიზნესს საბანკო ვალდებულებების მომსახურების მიმართულებით ეხმარება.

„პროგრამის მიზანია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების დასაფარად.

კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი/ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში.

პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის უნდა იყოს რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი და საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვეოდეს, რომ იგი ახორციელებს ღონისძიებების /შეკრებების /გამოფენების /კინოთეატრებში, კინო კლუბებში, ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების/შეხვედრების/წვეულებების ორგანიზებას; აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე.

კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან კი  გაფორმებული უნდა ჰქონდეს სესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან სხვადასხვა შეზღუდვა ამოქმედდა, მათ შორის, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტების (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობა, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა აგრარული ბაზრებისა), სასწავლო დაწესებულებები მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა