ხობში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატ ქალს თავს დაესხნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო პლაკატები
საარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ჭანტურიას და მამამისს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ქუჩებში საარჩევნო პლაკატების გაკვრით იყვნენ დაკავებულნი

თბილისი, 23 სექტემბერი- Sputnik. პარასკევს, გვიან ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს ნინო ჭანტურიას საარჩევნო კამპანიის წარმოებისას უცნობმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, იტყობინება ხობიდან Sputnik საქართველოს კორესპონდენტი.

ნინო ჭანტურიამ ხობის რაიონული პოლიციის განყოფილებაში საჩივარი უკვე შეიტანა. როგორც მან განყოფილების დატოვებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაშინ, როცა ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მის უბანში პლაკატებს აკრავდა, მას და მამამისს უცნობი პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მის საკუთრებაში არსებულ მანქანას ჩაუმსხვრიეს მინები, ხოლო ახლად გაკრული ყველა სარეკლამო პლაკატი ჩამოხსნეს და გაანადგურეს. ნინო ჭანტურია მხოლოდ ერთი თავდამსხმელის ვინაობას ამხელს, რომელმაც  მუქარის ტონით, სოფლის დატოვება უბრძანა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრობაში დაადანაშაულა. 

„ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას — ვაკრავდი ბანერებს და მოსახლეობას ვაცნობდი ჩემს საარჩევნო პროგრამას. მათ აქვს არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მე ვარ „ნაციონალი". ვინც იცის ჩემი პოლიტიკური ისტორია, ყველა მიხვდება, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ „ნაციონალი". ეს ბრალდება ჩემთვის შეურაცხმყოფელია. შუა ქვალონიდან ზემო ქვალონის ცენტრამდე ბანერები გაკრული მქონდა, როდესაც ინცინდენტი მოხდა.  ჩემს წინ გადმოდგნენ ადამიანები, რომლებმაც მიწოდეს მოღალატე, ყველა ბანერი ჩამოხიეს და გაანადგურეს…მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩაამსხვრიეს ჩემი მანქანის მინები. ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ მე რომ ქალი არ ვყოფილიყავი, ისინი დღეს მზად იყვნენ საცემად", — განაცხადა ჭანტურიამ. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას შსს-ს სპეცჯგუფები უზრუნველყოფენ

„ევროპული საქართველოს" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე დროს ხობის მერობის კანდიდატი, მამუკა ჭოხონელიძე აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია და ხელისუფლებას არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„საქმის წარმოება დაიწყო, დაველოდოთ შედეგებს, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სამწუხაროდ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მსგავსი ფაქტები ჩვენს მუნიციპალიტეტში კი არა, საერთოდ ქვეყანაშიც არ უნდა განმეორდეს. ხელისუფლებას მინდა მოვუწოდო, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს", — ამბობს ჭოხონელიძე.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თავდაპირველად სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინო ჭანტურიას და მამამისს საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცემის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით მასალები ხობის მუნიციპალიტეტს გადაეცემა, რათა საარჩევნო კოდექსის ნორმების მიხედვით, ფაქტზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

 

ჯემალ ღამბაშიძე

 

 

ყველა ახალი ამბავი
0