ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრების წინ

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაშავდნენ

121
(განახლებულია 14:30 07.09.2017)
ბაგრამის ბაზაზე ტერაქტის შედეგად დაიჭრნენ უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერაში" მონაწილე სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დაჭრილი არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები.

"დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისთვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", — ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი სამხედროები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ნატოს სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერათში, მაზარი-შარიფში 12 000 სამხედრო განთავსდა. ქართული მხრიდან მისიაში 870 სამხედრო მონაწილეობს.

121