არეულობა ბათუმში

ბათუმის მკვიდრი: წუხელ მომხდარი ამბებს მოვლენათა მთელი ჯაჭვი უძღოდა წინ

80
Sputnik საქართველო ბათუმში შაბათ საღამოს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობას ესაუბრა.

თბილისი, 12 მარტი —Sputnik. ის რაც წუხელ ბათუმში ხდებოდა, ის რასაც მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში უყურებდა იყო ვანდალიზმი და შორს იყო კეთილშობილი, სტუმართმოყვარე და კეთილმოსურნე ბათუმელების ნამდვილი სახისგან, ეს არ იყო რეალური ბათუმი — უთხრა Sputnik საქართველოს ბათუმის მკვიდრმა მურად ვერძაძემ. 

მისი თქმით, აუცილებელია მომხდარს სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს და მოკვლევა არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმით რაც წუხელ მოხდა. 

„უსაფუძვლოდ არაფერი ხდება და არც გუშინ მომხდარი ამბები წამოჭრილა სპონტანურად, ამას წინ მოვლენათა მთელი ჯაჭვი უძღოდა. ვერ ვიტყვი, რომ ამაში რომელიმე პოლიტიკური ძალა იყო ჩარეული, თუმცა პირადად ვიცი ორი ფაქტი იმისა, თუ ბოლო ხანებში როგორ უხეშად, დამამცირებლად და არაადექვატურად ეპყრობოდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები უბრალო მოქალაქეებს, ისე რომ საქმე სასამართლომდეც კი მივიდა“, — თქვა  მურად ვერძაძემ. 

მისი თქმით, იგი, როგორც ყველა კანონმორჩილი ბათუმელი რა თქმა უნდა მომხრეა რომ კანონი ერთიანი იყოს ყველასთვის, მაგრამ გააჩნია რა ფორმით იქნება ეს გაკეთებული და ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეთა შეურაცხყოფის ხარჯზე. 

„ვფიქრობ საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული ყველა ასეთი ფაქტი, რაც გახდა გუშინდელი მოვლენების კატალიზატორი და კანონის მთელი სიმკაცრით, მიუკერძოებლად დაისაჯოს ორივე მხარე — თუნდაც იმისათვის, რომ არ გაჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და ხელახლა არ განმეორდეს მომხდარი“, — განაცხადა მურად ვერძაძემ. 

რაც შეეხება გუშინდელ არეულობაში მონაწილე პირებს, ვერძაძის თქმით, თვლის რომ მასში ძირითადად მანამდე პოლიციის მიერ დაკავებული მოქალაქეების ახლობლები მონაწილეობდნენ. 

„ამჟამად ქალაქის ქუჩები გაწმენდილია, სიმშვიდე და სასიამოვნო გაზაფხულის ამინდია. არავის აწყობს ის რაც მოხდა, მით უმეტეს საკურორტო სეზონის წინ. ვფიქრობ ხელისუფლებაც და მოქალაქეებიც დაფიქრდებიან მომხდარზე და შეეცდებიან ერთმანეთი მიმართ მეტი პატივისცემითა და სიყვარულით ცივილიზებული, კეთილმოსურნე საზოგადოება ააშენონ, რისკენაც ასე ისწრაფის ჩვენი ქალაქის თითოეული მკვიდრი“, — თქვა მურად ვერძაძემ. 


80
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)