კახა კალაძე

კახა კალაძე: ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორების და უკანონობის წინააღმდეგ

17
პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცველების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ბათუმელებს მოუწოდებს ანგარიში გაუწიონ საკუთარ თანაოქალაქეებს და დაიშალონ.

"მთავარია ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს, არც საქართველოს და არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან, არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა. არ უნდა აკადროთ საკუთარ თავსა და ღირსებას", — თქვა კალაძემ ბათუმში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.

11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, თვითმხილველთა თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მძღოლის დაჯარიმება გახდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებენ, აჭარის პოლიციის სამმართველოს ახლადდანიშნული უფროსის მალხაზ ბათიაშვილის გადადგომას და აქციაზე დაკავებული 5 პირის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის დაშლის მიზნით, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.  გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებს 21-მა დაზარალებულმა მიმართა, მათგან 11 პოლიციელია და 10 მოქალაქე. ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია.

“არ აყვეთ პროვოკაციებს. მთავარია პროცესი მივმართოთ იქითკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს. პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცველების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. ცხადია, თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი. ამიტომ ვცეთ საკუთარ ქვეყანას და ქალაქს პატივი, ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება დანაშაულია. კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი. დამშვიდდით და დაელოდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელებისა და სამართალდამცველების გვერდზე. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორებისა და უკანონობის წინააღმდეგ”, — ციტირებს კახა კალაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2". 
17
თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (107)