საავადმყოფო

აჭარის ჯანდაცის მინისტრი: ბათუმის კლინიკებს ამ დროისათვის 21-მა დაზარალებულმა მიმართა

29
(განახლებულია 01:46 12.03.2017)

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ბათუმში მიმდინარე მოვლენების შედეგად ამ დროისათვის ბათუმის კლინიკებს 21-მა დაზარალებულმა მიმართა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2"-ის ეთერში აჭარის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 00: 30 საათისათვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილია აქციაზე დაზარალებული 11 ადამიანი, მათ შორის, 5 პოლიციელი. დაზარალებულებს შორის სამს გაზით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება. ოთხი მათგანი უკვე გაეწერა კლინიკიდან. 

გარდა ამისა, ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გადაყვანილია 10 ადამიანი, მათ შორის, 6 პოლიციელი. დაზარალებულებს შორისაა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" წევრი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც დაზიანება აქვს სახის არეში და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. 

სიტუაცია ბათუმში დღეს საღამოს  საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიძაბა. ინციდენტს პოლიციის შენობასთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის დროსაც, მომიტინგეებმა პოლიციის შენობაში შეჭრა სცადეს. აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

29
თემები:
არეულობა ბათუმში: ვერსიები და ვარაუდები (40)