ოპოზიციონერმა შსს-ს ჩინოვნიკი თავისი შვილის ცემაში დაადანაშაულა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი ავთანდილ დავითაძე ამტკიცებს, რომ თბილისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „ეროვნული ფორუმიდან“ ავთანდილ დავითაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს უფროსს ავთანდილ გალდავას თავისი შვილის ცემაში დასდო ბრალი.

საკრებულოს დეპუტატი ამტკიცებს, რომ გალდავამ გიორგი დავითაძე თავის სამუშაო კაბინეტში სამშაბათს, გამთენიისას სცემა. დეპუტატის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გამოიძახეს მისი შვილის მეგობარი, რომელმაც ადრე თბილისის ერთ-ერთ კაფეში იჩხუბა. გიორგი, რომელიც ჩხუბში არ მონაწილეობდა, პოლიციაში მეგობრებთან ერთად წავიდა, სადაც ის სცემეს.

„ჩემი შვილი გაგარინის მოედანზე პოლიციის განყოფილებაში იყო, რადგან მისი მეგობარი დაკითხვაზე გამოიძახეს. იქ მხარდასაჭერად მივიდა. მოსულა ვაკე–საბურთალოს სამმართველოს უფროსი გალდავა, დაუნახავს, რომ ჩემი შვილი იქ არის, გადაუხვევია ხელი, აუყვანია კაბინეტში… სასტიკად უცემია, პირადად პოლიციის უფროს გალდავას და რამდენიმე თანამშრომელი ყოფილა იქ“, — განაცხადა დავითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დაკავება - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომლები ჟურნალისტის ცემისთვის დააკავეს

ინციდენტის შემდეგ გიორგი დავითაძემ და მისმა მეგობრებმა ადვოკატი და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომ მომხდარი ოფიციალურად დაეფიქსირებინათ.

„რომ მივედი, გიორგი უკვე გამოდიოდა. როგორც მან განაცხადა, მიიღო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია. შეტყობინება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. სამართლებრივი ნაბიჯები, პრაქტიკულად, უკვე გადადგმულია და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას“, — განაცხადა ადვოკატმა ვარლამ მაჭარაშვილმა.
დავითაძემ კვლევა ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალში ჩაიტარა. ექიმებმა სხეულის დაზიანებები დააფიქსირეს.

„პაციენტის მდგომარეობა შემოსვლის დროისთვის იყო შედარებით მსუბუქი, შეიძლება ითქვას, საშუალო სიმძიმის. დაზიანებები არც თავის არეში, არც გულ-მკერდის არეში, არც გარეგანი, არც ინსტრუმენტული კვლევებით დადასტურებული არ არის, მხოლოდ მუცლის ღრუს წინა კედელზე მცირედი ექსკორიაციაა“, — განაცხადა ექიმმა კახა ნურალიძემ.

შსს-ში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0