თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულები გამოავლინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliგივი თარგამაძე
გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი დეპუტატის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო კიდევ ერთს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქე ბ.ჩ. დააკავა, ხოლო დავით ხეჩუაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

გივი თარგამაძის ავტომობილი 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო გამვლელები სერიოზულად დაშავდნენ. პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად ცნობილი გახდა სავარაუდო ბრალდებულის დავით ხეჩუაშვილის ვინაობა. ბრალდებულის მშობლების თქმით, ის საქართველოში არ იმყოფება.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებულ დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია“, – აღნიშნულია საქართველოს შსს–ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; აგრეთვე დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; ასევე, გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები.

სამართალდამცველებმა ამას გარდა ამოიღეს მოთეთრო ფერის ფხვნილი — ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა — ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა — ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი მათში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკსუ“ მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვა. 

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ბესელია: შსს მალე გაგვაცნობს დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმის დეტალებს

ხეჩუაშვილის წინააღდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“. ეს დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ საქმეზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. მას წარედგინა ბრალი სსკ–ის მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“.

ხეჩუაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ მას არ შეეძლო თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რადგან აფეთქების დროს ის უკვე ხუთი დღე საქართველოში არ იმყოფებოდა. ბრალდებულის მამა ირწმუნება, რომ ის რუსეთში იმყოფება, თუმცა შსს–ში ხეჩუაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0