პოლიცია

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

25
ქალი, რომლის შვილმაც 12 აგვისტოს პოლიციელის მხრიდან ზეწოლის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შსს-ს ინფორმაციით, ნაცნობმა პირადი მოტივების საფუძველზე სცემა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ  დემურ სტურუას დედის, ნონა ჯოჯუას ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დემურ ჯოჯუამ 12 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა წერილი, რომელშიც პოლიციელებს ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებდა. წერილში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი მას დაპატიმრებით და მოკვლით ემუქრებოდა, თუ ის სამართალდამცავ ორგანოებს არ გაუმხელს, ვის და სად მოჰყავს მარიხუანა სამტრედიაში. მომხდარის შემდეგ სამტრედიის რაიონული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ თანამდებობა დატოვა და მიიმალა.

„საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.  მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შემთხვევა გუშინ მოხდა.  უთანხმოება პირად საკითხზე მოუვიდა, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია"“, — იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია" შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

თევზაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლითა (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ან/და მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

 

25