საქართველომ თურქეთს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნაში დახმარება სთხოვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშავი ზღვა
შავი ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შარაძისა და ნანეტაშვილის ახლობლებმა სწავლებების ორგანიზატორები დაადანაშაულეს. სამხედროები მებრძოლ-მყვინთავთა კურს გადიოდნენ.

თბილისი, 17აგვისტო– Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთს  თხოვნით მიმართა კაპრალ იაგო შარაძისა და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის ძებნაში დაეხმაროს, რომლებიც შავ ზღვაში სწავლებების დროს დაიკარგნენ.

იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი გონიოში საზღვაო ზოლში მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეცოპერაციების რიგებში ირიცხებიან.

„დღეს თურქულ მხარეს მივმართე თხოვნით, რომ ისინიც ჩაერთონ, რადგან შესაბამისი ტექნიკა და გამოცდილება აქვთ. ისინი ჩვენთან ერთად ინტენხიურად ჩაერთვებიან სამძებრო სამუშაოებში. წუთი წუთზე მათ მოსვლას ველოდებით, რათა ერთად გავაგრძელოთ სამაშველო ოპერაციები“,- განაცხადა იზორიამ.

ეს განცხადება იზორიამ გონიოში გააკეთა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვახტანგ კაპანაძესთან ერთად სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობას ეცნობა. გონიოში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ჩავიდა. ის დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს შეხვდა.

შარაძისა და ნანეტაშვილის ახლობლები მომხდარში სწავლებების ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირებს ადანაშაულებენ. ისინი თვლიან, რომ ორგანიზატორებმა დაუდევრობა და უყურადღებობა გამოიჩინეს.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ამერიკლი სამხედროებიც მონაწილეობენ. სამძებრო ოპერაციაში „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს.

ამასთან ერთად, გამოძიებაც მიმდინარეობს. მომხდარის დეტალებს არკვევს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და შსს გენერალური ინსპექცია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ვადით 3-დან 5 წლამდე.

ზღვა - Sputnik საქართველო
აჭარაში შავ ზღვაზე სწავლებების დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა

იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლის  დეკემბრიდან მსახურობს. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტია.

გიორგი ნანეტაშვილი სამხედრო მოსამსახურე 2013 წლის ივნისში გახდა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების  სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტია.

ყველა ახალი ამბავი
0