წყალდიდობა ქალაქში, არქივის ფოტო

რამდენიმესაათიანმა წვიმამ და სეტყვამ ბორჯომის მუნიცეპალიტეტი დააზარალა

37
(განახლებულია 00:04 05.08.2016)
ძლიერი წვიმის შედეგად ბორჯომისა და მიმდებარე სოფლების ქუჩები დაიტბორა. არის ინფორმაცია, რომ წაქცეული ხეების გამო, ჩახერგილია ბორჯომი-ბაკურიანის საავტომობილო ტრასა, რაიონს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ხუთშაბათს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდებოდა და თან დართულმა სეტყვამ, სერიოზული ზიანი მიაყენა ბორჯომის რაიონს. ქართული მედიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ბორჯომში დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ბორჯომს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდებაც. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.

ინტერნეტით ვრცელდება სტიქიის ამსახველი ვიდეო მასალა. 

„ყველა ტექნიკა გამოყვანილია, როგორც საგზაო, ისე ადგილობრივი. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია. ქალაქ ბორჯომში სანიაღვრეებმა მთლიანად გაატარა წყალი და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. სერიოზული დაზიანებებია ისტორიულ პარკში, თუმცა დამსვენებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო გოგირდის აბანოებზე, სადაც რამდენიმე ათეული დამსვენებელი იმყოფებოდა და ამ ადგილიდან ჩვენი პოლიციის ძალიან დიდი ძალისხმევით ხდება ხალხის გამოყვანა. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო, საპატრულო პოლიცია. ასევე, სიტუაცია პრობლემატურია სადგურის მიმართულებით, სადაც რამდენიმე ხეა მოტეხილი და იქაც სატყეო დეპარტამენტი და პოლიცია აქტიურად მუშაობს. წაღვერშიც იყო დიდი სტიქია და იქაც 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზის გაწმენდა. ვიმედოვნებთ, რომ წაღვერის მაგისტრალი, რომელიც უკავშირდება ბაკურიანს, ძალიან მალე გაიხსნება”, — ციტირებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს დიმიტრი ყიფიანს საინფორმაციო სააგენტო «ინტერპრესნიუსი“

რამდენიმე წუთის წინ კი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუციების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ბორჯომში მობილიზებულია დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. 


37