პოლიციის შენობა

თელავის პოლიციამ ჩხუბისთვის დაკავებული კომუნისტი გაათავისუფლა

44
(განახლებულია 21:51 04.08.2016)
„ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ლიდერმა „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობის წინ ჟურნალისტთან იჩხუბა.

თბილისი, 4აგვისტო— Sputnik. ჟურნალისტ რომან ქევხიშვილთან ჩხუბისთვის დაკავებული „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ ლიდერი თემურ ფიფია პოლიციამ გაათავისუფლა.

ინციდენტი თელავში მოხდა, სადაც „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა იყო დაგეგმილი. ფიფიასა და ქევხიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა. ქევხიშვილი ყრილობაზე გამოცხადდა მაისურით ანტისოციალისტური სიმბოლიკით, რამაც ფიფიას გაღიაზიანება გამოიწვია. იმის შემდეგ, რაც ფიფიამ ქევხიშვილს დაარტყა, უკანასკნელმა თავდამსხმელს კვერცხი ესროლა.

„ალბათ, ჯარიმით შემოიფარგლებიან. რაც არ უნდა დიდი იყოს ჯარიმა, სილა ამად ღირდა. მეგობრები დამეხმარებიან, შევაგროვებთ თანხას და გადავიხდით ჯარიმას“, – განუცხადა ფიფიამ ჟურნალისტებს შსს-ს თელავის რაიონული სამმართველოდან გამოსვლისას, სადაც ფიფიას გათავისუფლების მოთხოვნით მოძრაობის აქტივისტები შეიკრიბნენ.

ფიფია ცემის ბრალდებით დააკავეს. ინციდენტის შემდეგ „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა ჩაიშალა.

საქართველოს სუს-მა „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი და ლიდერი ვალერი კვარაცხელია გააფრთხილა კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ.

კვარაცხელია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერია, რომელიც დარეგისტრირებულია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

გასულ კვირას ბათუმში მოძრაობის დამფუძნებელ კრებაზე, სადაც ორგანიზაციის მომხრეები შეიკრიბნენ, საბჭოთა კავშირის დროშა და სტალინის პორტრეტი გამოიფინა და საბჭოთა კავშირის ჰიმნიც გაისმა.

სუს-თან არსებულმა „თავისუფლების ქარტიის“ კომისიამ კვარაცხელიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებდა საჯარო ღონისძიებების დროს კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვისა და მსგავსი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც „თავისუფლების ქარტიაში“ არის გათვალისწინებული.

„თავისუფლების ქარტია“ აწესებს შეზღუდვებს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისთვის, კომპარტიისა და კომკავშირის ყოფილი თანამდებობის პირთათვის, კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას და უცხოეთიდან შემოსულ ფინანსურ ნაკადებს აკონტროლებს.

საქართველოს პარლამენტმა „თავისუფლების ქარტია“ 2011 წლის მაისის ბოლოს მიიღო თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ.

44