დაკავება

ზუგდიდში თაღლითი ქალბატონები დააკავეს

65
(განახლებულია 14:02 04.08.2016)
ორმა ქალბატონმა აფხაზეთიდან დევნილს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის მიღებაში შუამდგომლობის სანაცვლოდ 2 ათასი აშშ დოლარი გამოსძალა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რომლებსაც თაღლითობის მცდელობა ედებათ ბრალად. შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 1968 წელს დაბადებული მაია ბ. და 1980 წელს დაბადებული ნანა შ. აფხაზეთიდან დევნილ პირს მოტყუებით ფულს სძალავდნენ.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც მისთვის შესაძლებელი იყო საცხოვრებელი ფართის მიღება. ბინის სანაცვლოდ ბრალდებულებმა დევნილ პირს მოსთხოვეს და თაღლითურად გამოართვეს 2000 აშშ დოლარი“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

სამართალდამცველებმა ქალბატონები თანხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მაია ბ.-ს პირადი ჩხრეკისას 2000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

65