დაკავება

დასავლეთ საქართველოში ყალბი ფულის დამზადება - გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

17
(განახლებულია 10:45 29.03.2016)
დაკავებულებს 20 და 50 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურების დამზადება ედებათ ბრალად. „მიღებული თანხით“ ბრალდებულებმა ორი ტომარა თხილი იყიდეს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. პოლიციამ ჩოხატაურში ყალბი კუპიურების დამზადების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ღამბაშიძე გ. და კვიჭიძე გ. დააკავა, იუწყება შს სამინისტროს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 37 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 8 ცალი ყალბი 50-ლარიანი. ყალბი კუპიურების თანხამ საერთო ჯამში 1040 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს.

გასაღების მიზნით, ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში“ 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე „ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება ან გასაღება“ მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

ქვეყანაში ყალბი ფულის გამოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაიწყო საუბარი. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ლიბერთი ბანკის“ კუთვნილ ერთ-ერთ ბანკომატში 20-ლარიანი ყალბი კუპიურა არსებობდა.

17