თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თურქი ინტერნეტმომხმარებლები იტყობინებიან, რომ შაბათს სტამბულში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში „ფეისბუქი“, „ტვიტერი“ და „იუთუბი“ დაბლოკილი იყო ან მათზე წვდომა – უაღრესად გართულებული.
სოციალური ქსელების დაბლოკვის თაობაზე ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ მათზე წვდომის გართულებას ტერაქტის შემდეგ მომხმარებლები და მასმედია მთელი თურქეთის მასშტაბით უჩიოდა.
მანამდე თურქეთის უმაღლესმა საბჭომ ტელევიზიასა და რადიოში შეზღუდვები დააწესა სტამბულის ტერაქტის მასმედიაში გაშუქებაზე. აკრძალვა შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრების, აფეთქების მომენტისა და ტერაქტის მსხვერპლთა ამსახველი კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენებას ეხებოდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა თურქეთისთვის ტერაქტების შემდეგ.
შაბათს სტამბულის ცენტრში, ისთიქლიალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ხელისუფლება ხუთი დაღუპულისა და 36 დაშავებულის თაობაზე იუწყება.
აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც ტურისტთა თავშეყრის ადგილია, ასევე მდებარეობს სხვადასხვა სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები.