მიხეილ სააკაშვილი

თბილისის სასამართლომ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები დასაშვებად ცნო

628
მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წაეყენა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება.  

მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წაეყენა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. საქმის წინასასამართლო განხილვის დროს არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების მხოლოდ ნაწილი დაუშვა და საქმე წარმართა არსებითად განსახილველად“, — იუწყებოდა მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახური 22 ივნისს. 

საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 6 ივლისს არის ჩანიშნული.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. 

2006 წელს გირგვლიანის მკვლელობა შსს-ის მაღალჩინოსნებთან კამათის შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მკვლელობაში ბრალდებულებად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი ცნო. ესენი იყვნენ: გერონტი ალანია (შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა), ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე (7-7 წელი). 

დაპატიმრებიდან სამი წლის თავზე შსს-ის მაღალჩინოსნები პირობით ვადამდე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ პირებს ორჯერ შეუმცირა  სასჯელის ვადა. 

სანდრო გირგვლიანი ოჯახმა შსს-ის მაღალჩინოსნების საპატიმროდან გათავისუფლების შეტყობინებისთანავე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს დაადგინა, რომ გირგვლიანის შემთხვევაში დაირღვა ევროკონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება) და 38-ე მუხლები, რომელიც ფაქტების დადგენის მიზნით, სახელმწიფოს სასამართლოსთან თანამშრომლობის აუცილებლობას ითვალისწინებს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას გირგვლიანის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. 

 


628