Caucasus Online რიგი ქართული მასმედიის ვებ-გვერდების გატეხვის ფაქტს სწავლობს

გამოწერა
Caucasus Online ტექნიკური დეპარტამენტი რიგი ქართული მასმედიის ვებ-გვერდების გატეხვის ფაქტს დეტალურად სწავლობს და აუცილებლობის შემთხვევაში რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. საქართველოს ინტერნეტ-პროვაიდერის  Caucasus Online ტექნიკური დეპარტამენტი რიგი ქართული მასმედიის ვებ-გვერდების გატეხვის ფაქტს დეტალურად სწავლობს და აუცილებლობის შემთხვევაში რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ“კავკასუს ონლაინი“ ჰოსტინგ მომსახურებას ახორციელებს კონტრაქტის საფუძველზე შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში იყო კრიტიკული შეცდომა (BUG), რომლის საშუალებითაც მესამე პირს შეეძლო სერვერზე განთავსებული მონაცემების ცვლილება, რაც გამოიხატა კავკასუს ონლაინის რამდენიმე მომხმარებლის ვებ გვერდის  სახეცვლილებაში, ე.წ. “deface”.

”იმის გამო, რომ კავკასუს ონლაინი რეგულარულად ახორციელებს მომხმარებლების ფაილების რეზერვულ კოპირებას, არც ერთი დაზიანებული ინტერნეტ–გვერდის მასალები არ დაკარგულა. ამჟამად ეტაპობრივად მიმდინარეობს ინტერნეტ–გვერდების აღდგენა სარეზერვო მასალების გამოყენებით”, - აღნიშნა მან. 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ”კომპანიის ტექნიკური სამსახურის მიერ ხდება ფაქტის დეტალური შესწავლა და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება. კომპანია საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამისი განცხადებით სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისათვის”.

3 ოქტომბერს ჰაკერებმა ქართული ცნობილი გამოცემების - ჟურნალ ”ლიბერალის” და ”ცხელი შოკოლადის”, გაზეთის ”7 დღე” საიტები და ვებ-გვერდი ”ფორინპრესი” გატეხეს. 

ჟურნალ ”ლიბერალის” ონლაინ-ვერსიის რედაქტორმა ნინო ჯაფიაშვილმა განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს, რომ საიტები Hacked by kabuS-ის ჯგუფის მიერ არის გატეხილი და ვებ-გვერდების მთავარ გვერდებზე თურქული დროშა გაჩნდა. 

ჯაფიაშვილის განცხადებით, გატეხვის შემდეგ რედაქციამ შეძლო ყველა მონაცების შენარჩუნება და ოთხი საათის შემდეგ ”ლიბერალის” ვებ-გვერდის მუშაობა კვლავ აღდგა ჩვეულ რეჟიმში. რაც შეეხება ჟურნალ ”ცხელ შოკოლადს”, ის ყველაზე მეტად დაზარალდა. მისი მუშაობის აღდგენისთვის მუშაობა გრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0