მეკობრეები, რომელთაც ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, მძევლებით მანიპულირებას ცდილობენ

გამოწერა
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სექტემბრის დასაწყისში სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ ქართველ მეზღვაურებს საკვები და წყალი არა აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სექტემბრის დასაწყისში სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ ქართველ მეზღვაურებს საკვები და წყალი არა აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ბერძნული გემთმფლობელი კომპანია FRIO VENTURES-ის საქართველოში წარმომადგენელმა, კომპანია ”გრინვიჩ-21-ე”-ს დირექტორმა სერგო დევაძემ.

დევაძის თქმით, მეკობრეები, მძევლად აყვანილი მეზღვაურების საშუალებით, ცრუ ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებენ, რისი მიზანიც გემთმფლობელ კომპანიასთან მოლაპარაკებების დაჩქარებაა.

გასულ შაბათს მეზღვაურების ნათესავები დაუკავშირდნენ სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” და განუცხადეს, რომ შაბათს ღამით გატაცებულმა მეზღვაურებმა ოჯახებთან კავშირზე გამოსვლა მოახერხეს და აცნობეს, რომ არ აქვთ არც საკვები, არც წყალი. მეზღვაურების ნათესავები აპირებენ მოითხოვონ ბერძნული კომპანიისგან გემის ეკიპაჟის გათავისუფლების პრცედურების დაჩქარებას. ამავდროულად, ისინი აპირებენ, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ქვეყნის მთავრობას, სიტუაციის გადაჭრაში ჩართვის თხოვნით.

”ვერ ვიტყვით, რომ ისინი (ეკიპაჟი) ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იმყოფებიან, მაგრამ პირობები ნორმალური აქვთ, ისინი გემზე იმყოფებიან და ეკიპაჟს, მინიმუმ, ათი დღის საკვების და წყლის მარაგი აქვს”, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, ”მოლაპარაკებები  ბერძნული გემთმფლობელი კომპანიის ადვოკატებსა და მეკობრეებს შორის გამოსასყიდის თანხასთან დაკავშირებით წარმოებს და მათი დაჩქარება შეუძლებელია”.

დევაძემ, რომლის შვილი ასევე მეკობრეების მძევალია, განაცხადა, რომ მეკობრეებმა აიძულეს მეზღვაურები, დაერეკათ ოჯახებში და ეთქვათ, რომ აუტანელ პირობებში იმყოფებიან”. მისი თქმით, ის რეალურ ინფორმაციას თავისი შვილისგან იღებს.

8 სექტემბერს სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი MV OLIB G დააკავეს.  გემის ეკიპაჟი საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0