ლავაში, პომიდორი და სალათის ფურცლები

რა მოვამზადოთ ზაფხულში იოლად და სწრაფად: გემრიელი ღვეზელი ლავაშისგან

73
(განახლებულია 22:39 19.07.2021)
ზაფხულში ღუმელთან დგომა არცერთ დიასახლისს არ ეხალისება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის – კვება ადამიანს არათუ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმეც კი ესაჭიროება.

ამიტომ, ვფიქრობთ, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი კერძების რეცეპტები, რომელიც იმავდროულად გემრიელი და ნოყიერიც იქნება, ბევრს დააინტერესებს.

ლავაშის ღვეზელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • ლავაში − ოთხი ფურცელი;
  • კვერცხი – 3 ცალი;
  • რძე − 200 მლ;
  • მარილი − გემოვნებით;
  • სოსისი (ან ძეხვი) – 170 გ;
  • ყველი − 200-250 გ;
  • ოხრახუში − რამდენიმე ძირი;
  • პომიდორი – 2 ცალი;
  • ბულგარული წიწაკა − მწვანე, წითელი თუ ყვითელი − თითო ცალი;

მომზადების წესი

ჩაახალეთ კვერცხი ჯამში, დაასხით რძე, მოაყარეთ მარილი და კარგად ათქვიფეთ.

დაჭერით სოსისი (ან ძეხვი) წვრილ ნაჭრებად და ჩაყარეთ მიღებულ მასაში. შემდეგ კი დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი, გახეხილი ყველის ნაწილი და კოვზით კარგად ამოურიეთ.

გაითვალისწინეთ, რომ მიღებული მასა ოთხად უნდა გაყოთ.

შემდეგ აიღეთ საცხობი ფორმა და ჩააფინეთ ერთი ფურცელი ლავაში.

დადეთ ზედ რამდენიმე კოვზი ნარევი და თანაბრად მოასწორეთ.

შემდეგ დააფინეთ ზემოდან მეორე ფურცელი ლავაში და მასზეც დადეთ ნარევი.

გაიმეორეთ ასე ლავაშის ოთხივე ფურცელზე.

როდესაც ოთხივე ფენა მზად იქნება, მოაყარეთ ზემოდან დარჩენილი გახეხილი ყველი.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და 25-30 წუთით შედგით ღვეზელი გამოსაცხობად.

როდესაც ის მზად იქნება, გამოიღეთ და ფორმაშივე დაჭერით ოთხკუთხა ნაჭრებად.

ესაა და ეს. ლავაშის უგემრიელესი ღვეზელი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!
73
თემები:
გემრიელი სამზარეულო (105)
კვერცხები

მათი უმრავლესობის ალბათ ყველას გვჯეროდა: მითები კვერცხის შესახებ

165
(განახლებულია 17:11 21.07.2021)
თითოეული ჩვენგანი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში კვერცხზე ვისაუბრებთ და შევეცდებით დავამსხვრიოთ მითები მის შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ კვერცხი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ზოგი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის. ზოგიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ სასარგებლო მხოლოდ სოფლის ქათმის, თანაც წითელი კვერცხია და ა.შ.

მითი N1. მაღალი ქოლესტერინის მქონე ხალხმა კვერცხი არ უნდა ჭამოს

დიდი ხნის განმავლობაში ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე ხალხს ურჩევდნენ, რომ რაციონიდან გარკვეული პროდუქტები გამოერიცხათ, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს გაზრდიდა. აკრძალული საკვების ჩამონათვალში შედიოდა კვერცხიც. დიახ, კვერცხის გული შეიცავს უფრო მეტ ცხიმსა და ქოლესტერინს, ვიდრე ცილა, თუმცა ყველა ცხიმი არ არის ცუდი და ე.წ. კარგი ქოლესტერინი ყოველთვის არ ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში.

რა თქმა უნდა, არ არის კარგი იდეა, რომ საუზმეზე ყოველდღე მიირთვათ სამი კვერცხი, მაგრამ დღეში ერთი კვერცხის ჭამა ზიანს არ მოგაყენებთ. ისინი, ვისაც დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ და ჭამონ არაუმეტეს სამი კვერცხისა კვირაში.

მითი N2. თუ წონის დაკლება გსურთ, არ ჭამოთ კვერცხის გული

ზოგიერთი ადამიანი არ ჭამს კვერცხის გულს, რადგან გასუქების ეშინია. სინამდვილეში კვერცხის გული შეიცავს დამატებით პროტეინებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა D ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას. ის ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც უზრუნველყოფს ღვიძლის კარგ ფუნქციონირებას.

ამერიკის გულის ასოციაცია ირწმუნება, რომ დღეში ერთი კვერცხი ჯანსაღი დიეტის ნაწილია. ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ საუზმეზე ერთი კვერცხის მიღება (საკონდიტრო ნაწარმის ნაცვლად) ამცირებს საკვების რაოდენობას და, შესაბამისად, თქვენ მიერ მიღებული კალორიების რაოდენობას.

მითი N3. უმი კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული

ზოგი ადამიანი უმ კვერცხს მიირთმევს კუნთების მასის გასაზრდელად, ხმის ტემბრის გასაუმჯობესებლად ან კუჭის მჟავის შესამცირებლად. თუმცა მისი სარგებლიანობა გადაჭარბებულადაა შეფასებული: უმი კვერცხის ცილა ისე კარგად არ შეიწოვება, როგორც მოხარშულის, შეიძლება დაიბლოკოს ვიტამინი B7-ის შეწოვაც.

მითი N4. მხოლოდ თეთრი და ყავისფერი კვერცხები არსებობს

ქათმის კვერცხი შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, მხოლოდ ყავისფერსა და თეთრს ვხვდებით. ნაჭუჭის ფერი დამოკიდებულია ჯიშზე – ზოგი ქათამი თეთრ კვერცხებს დებს, ზოგი სახეობის – ყავისფერს. ზოგიერთი სახეობის ქათამი კი (მაგალითად, Araucana, Ameraucana) ცისფერ ან მწვანე კვერცხს დებს. ფერი დამოკიდებულია პიგმენტზე და კვებაზე. თუ ქათამი არ მიიღებს ამინომჟავებს საკმარისად, ნაჭუჭი მუქი შეფერილობის იქნება, თუმცა ის გავლენას არ ახდენს თავად კვერცხის შიგთავსის ხარისხზე.

მითი N5. ყავისფერი კვერცხი თეთრ კვერცხს სჯობია

ხშირად გვესმის, რომ ყავისფერი ან შავი პროდუქტი უფრო ჯანსაღია, ვიდრე თეთრი (მაგალითად, პური ან შაქარი). მაგრამ ეს ასე არაა კვერცხთან დაკავშირებით. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყავისფერი კვერცხები თითქმის იგივეა, რაც თეთრი.

კვერცხი უფრო სასარგებლოა სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, იმ ქათმის კვერცხი, რომელიც დიდ დროს ატარებს მზეზე, შეიცავს 3-4-ჯერ მეტ D ვიტამინს. ქათმებს, რომლებსაც ომეგა-3-ით მდიდარ საკვებს აძლევენ, კვერცხის შემცველობაში მეტი ომეგა-3 აქვთ.

მითი N6. კვერცხის გულის ფერი განსაზღვრავს მის ხარისხს

ერთი შეხედვით, ეს მითი ლოგიკურად გამოიყურება. სინამდვილეში, კვერცხის გულის ფერი დამოკიდებულია ქათმის კვებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ქათამი მინდორში იზრდება თუ გალიებში.

სიმინდი, იონჯა, ჭინჭარი და ზოგიერთი სხვა მცენარე კვერცხის გულს უფრო ღია ფერს აძლევს. თუ გული მუქი ფერისაა, არ ნიშნავს, რომ კვერცხი ცუდი ხარისხისაა.

მითი N7. ორსულმა ქალებმა კვერცხი არ უნდა მიიღონ

მართალია, რომ თუ მომავალი დედა კვერცხს ჭამს, მისი ბავშვი მუცელში ალერგიით იტანჯება? სინამდვილეში ეს მხოლოდ მითია. კვერცხი არის ცილების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ამინომჟავების უნივერსალური წყარო. ამიტომ რეკომენდებულია კვერცხის, ასევე კენკრის, თევზის, ლობიოს და მარცვლეულის ჭამა. თავი უნდა შეიკავოთ მხოლოდ უმი ან ძალიან მაგრად მოხარშული კვერცხის ჭამისგან. და ეს წესი მხოლოდ ორსულებს არ ეხება.

მითი N8. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებმა კვერცხი არ უნდა მიიღონ

ბავშვების მხოლოდ 2% არის კვერცხის მიმართ ალერგიული. კარგია, თუ ჩვილებს მივცემთ ცილებით მდიდარ საკვებს შვიდი თვის ასაკიდან. თავიდან 2 სუფრის კოვზი საკვებით დაიწყეთ, ნელ-ნელა მოუმატეთ და თან დააკვირდით ბავშვის რეაქციას. თუ ალერგია ოთხი დღის განმავლობაში არ გამოვლინდა, ყველაფერი კარგადაა და კვერცხის მიცემაც შეგიძლიათ.

მითი N9. განაყოფიერებული კვერცხი უფრო სასარგებლოა

არსებობს რწმენა, რომ განაყოფიერებული კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე გაუნაყოფიერებელი. მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. მნიშვნელოვანია – რამდენად ახალია კვერცხი.

მითი N10. კვერცხები არ უნდა გავრეცხოთ და არ შევინახოთ მაცივარში

ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე. ზოგიერთ ქვეყანაში ხალხს ურჩევნია კვერცხები არ შეინახოს მაცივარში და დატოვოს  ოთახში. ამერიკელი მწარმოებლები (ასევე იაპონელი, ავსტრალიელი და სკანდინავიელები) რეცხავენ კვერცხებს სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად.

გაითვალისწინეთ, რომ კვერცხის გარეცხვისას ის კარგავს ბუნებრივ დამცავ ფენას. პროდუქტის სიახლის შესანარჩუნებლად და ბაქტერიების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მისი გრილ ადგილზე შენახვა. ეს მეთოდი ხელს უწყობს მისი შენახვის ვადის თითქმის ნახევრით გაზრდას. ევროპის ქვეყნებში აკრძალულია კვერცხის გარეცხვა, რათა არ მოხდეს მათი ბუნებრივი დამცავი ფენის განადგურება. სალმონელოზის პროფილაქტიკის მიზნით კი ქათმებს ცრიან.

მითი N11. მაცივრის კარი საუკეთესო ადგილია კვერცხის შესანახად

თითქმის ყველა მაცივარს აქვს სპეციალური თარო, რომელიც კარშია განთავსებული. მაგრამ არ არის რეკომენდებული იქ კვერცხის შენახვა. კვერცხები საუკეთესოდ ინახება ერთსა და იმავე ტემპერატურაზე. კარი კი ყველაზე თბილი ადგილია და იქ ყოველთვის იცვლება ტემპერატურა. კვერცხების შესანახად საუკეთესო ადგილია მაცივრის შუა თარო.

მითი N12. კვერცხის მომზადების წესი მის სარგებლიანობაზე გავლენას არ ახდებს

მხოლოდ კვერცხის ჭამა არ არის საკმარისი – ის სწორად უნდა მოამზადოთ. მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ღუმელში გამომცხვარი ათქვეფილი კვერცხი კარგავს D ვიტამინის 45%-ს. შემწვარი და მოხარშული კვერცხი ზოგავს ამ ვიტამინის თითქმის 90%-ს. გაითვალისწინეთ ეს ფაქტი მომზადებამდე.

მითი N13. კვერცხის ცილა ნაოჭებს ამცირებს

სახლში დამზადებული კვერცხის ცილის ნიღბები დღეს ნამდვილად პოპულარულია: ისინი ჩვენს კანს უფრო გლუვს ხდის და თითქოს ნაოჭებისგან შემცირებაში გვეხმარება. როგორ მუშაობს სინამდვილეში? როდესაც კანის ზედაპირიდან წყალი აორთქლდება, ცილა ქმნის თხელ გარსს კანზე, რომლის ჩამორეცხვაც მარტივია და სიგლუვის ეფექტიც მალე ქრება.

კვერცხი შეიცავს უამრავ ცილას, E და B ვიტამინებს და ბიოტინს. ამ ნივთიერებების დეფიციტი თმასა და ფრჩხილებს ასუსტებს. კვერცხი გვეხმარება შევინარჩუნოთ სხეული ჯანმრთელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვჭამთ.

მითი N14. მწყრის კვერცხი უფრო სასარგებლოა

მწყრის კვერცხები რეალურად შეიცავს უფრო მეტ ცილებს, ვიტამინებს და სასარგებლო ელემენტებს, ვიდრე ქათმის კვერცხები, მაგრამ განსხვავება არც ისე მნიშვნელოვანია. ეფექტის სანახავად რეგულარულად ძალიან ბევრი მწყრის კვერცხის ჭამა მოგიწევთ. აღსანიშნავია, რომ მწყერს ხშირად აქვს სალმონელოზი, ამიტომ არ არის რეკომენდებული მათი კვერცხის ხშირი მიღება.

 

165
თემები:
სასარგებლო რჩევები
კვერცხი პომიდვრით

საუზმე ხუთ წუთში: მარტივი და ყუათიანი კერძის საავტორო რეცეპტი - ვიდეო 

134
(განახლებულია 17:36 06.07.2021)
როგორც ექიმები ამბობენ, დილით საუზმეს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანრთელობისთვის.

გახდომის მსურველებმა ნოყიერად და მაძღრისად უნდა ისაუზმონ, რათა გონივრულად აკონტროლონ მადა, აცხადებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, არსებობს იდეალური საუზმის სამი ვარიანტი. აქედან პირველში შედის: რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, ძროხის ხორცი და თეთრი თევზი. მეორე ვარიანტი ითვალისწინებს პროდუქტებს, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ჯანმრთელ ცხიმებსა და უჯრედისს, ხოლო საუზმის მესამე ვარიანტი − ეს არის კვერცხის კერძები, რომლებიც მზადდება ავოკადოსთან, ცხიმიან თევზთან, ისპანახთან, სოკოსთან ან ბოსტნეულთან ერთად.

დღეს სწორედ კვერცხისგან მომზადებული საავტორო კერძის რეცეპტს გაგაცნობთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • კვერცხი − 5 ცალი;
  • რძე − 200 მლ;
  • ფქვილი − 80 გ;
  • მწვანე ხახვი − მომცრო კონა;
  • კამა − მომცრო კონა;
  • პომიდორი − ერთი ცალი;
  • ბულგარული წიწაკა − ერთი ცალი;
  • ყველი − 150 გ;
  • მარილი − გემოვნებით;
  • ზეთი.

მომზადების წესი

ჩატეხეთ კვერცხი ჯამში და დაასხით რძე, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ − ისე, რომ კორკოშელები არ დარჩეს.

დაჭერით მწვანე ხახვი, პომიდორი და კამა და ჩაყარეთ ეს ყველაფერი მიღებულ ნარევში, დაამატეთ მარილი და მოურიეთ კარგად.

დაასხით ტაფაზე ცოტა ზეთი, კარგად გაანაწილეთ ძირზე.

გადაიტანეთ მიღებული ნარევი ტაფაზე, თანაბრად გაანაწილეთ ჭურჭელზე და დადგით დაბალ ცეცხლზე.

ამასობაში მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი. შემდეგ კი „ერბოკვერცხი“ გადააბრუნეთ და შემცხვარ ზედაპირზე ყველი მხოლოდ ნახევარზე მოაყარეთ.

გადაკეცეთ შუაზე და დააცადეთ, რომ შეცხვეს.

ეს არის და ეს − ნოყიერი საუზმე მზადაა.

გემრიელად მიირთვით!
134
თემები:
გემრიელი სამზარეულო (105)
ჩაფიქრებული მამაკაცი

დაკარგული ასაკი არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა

0
(განახლებულია 20:24 01.08.2021)
ოდესმე გსმენიათ „დაკარგული ასაკის" სინდრომის შესახებ? დაკარგული ასაკი - ესაა 50-დან დაახლოებით 70 წლამდე პერიოდი. „დაკარგულს" კი იმიტომ უწოდებენ, რომ ეს დრო ჩვენ ცხოვრებაში თითქოს არც არსებობს.

არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში ჯერ მთელი ძალით ვცდილობთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვჩანდეთ, შემდეგ კი სევდიანად ვაღიარებთ, რომ დავბერდით.

შედეგად კი, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებიდან უზარმაზარ მონაკვეთს ვჭრით, რომელიც შეიძლება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყოს.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 55-ის ან 60 წლის შემდეგ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე აღარც უნდა იფიქრო.

სულაც არა! საიდუმლო მარტივია.

55-ის მერე არ უნდა ეცადო იცხოვრო, როგორც 30 ან 40 წლისამ. ამის ნაცვლად თავს უფლება უნდა მისცე, განვითარდე.

15 წლის როცა ვართ, ჩვენ ხომ არ ვცდილობთ ვიცხოვროთ, როგორ 5 წლისებმა, 30 წლისა — როგორც 15 წლისებმა? 15 წლისები არ ვთამაშობთ თოჯინებითა და ჯარისკაცებით. ხოლო 30 წლისანი არ ვუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც 15 წლისებს მოგვწონდა.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებ სიამოვნებას ვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ სიამოვნებას სხვა რამისგან ვიღებთ.

ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ დაახლოებით 50-55 წლის ასაკში ჩნდება შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა და რაღაც, რაც ამ მომენტში უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრებაში რაღაც შესვენებისმაგვარი ჩნდება – პაუზა, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შეიძლება დიდხანს, სიკვდილამდეც კი გაგრძელდეს.

აქ საქმე მიზანთან გვაქვს. 50-ის მერე, სტანდარტულად, მიზნად ვისახავთ ვიცხოვროთ ადრინდელზე უკეთესად, გამოვიყურებოდეთ იმაზე ცუდად არა, ვიდრე უწინ, ვიმუშაოთ, იმაზე ცოტა არ გამოვიმუშაოთ, ვიდრე უწინ, უკეთ დავისვენოთ…

და განა გასაკვირია, რომ ამდენი ადამიანი სევდით შეიგრძნობს, რომ 50-ის მერე მათი ცხოვრება თითქოს გაჩერდა? განა შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც ვცდილობთ საკუთარი თავი გავიმეოროთ?

სცადეთ და საკუთარ თავს სხვა მიზანი დაუსახეთ — იცხოვროთ უკეთ, ვიდრე აქამდე. მიიღოთ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება. უფრო მხიარულად გაერთოთ, საინტერესოდ დაისვენოთ, უკეთ გამოიყურებოდეთ, ძლიერ გიყვარდეთ. სცადეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ ცხოვრებას აზრი კვლავ მიეცა.

სანამ ვფიქრობთ, რომ 50-ის მერე ჩვენი პირადი განვითარება სრულდება, სანამ სასოწარკვეთილი ვცდილობთ წარსულს ჩავებღაუჭოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, სიხარულზე და სიამოვნებაზე ფიქრიც არ ღირს.

55-ის მერე სიხარული და კმაყოფილება ცხოვრებისგან მაშინ ჩნდება, როდესაც წარსულს გაუშვებთ და თავს უფლებას მისცემთ იცხოვროთ, შეიცვალოთ, განვითარდეთ, გახდეთ სხვანაირი, გყავდეთ ახალი მეგობრები, გქონდეთ ახალი გატაცება, საქმე, ახალი სიამოვნება.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები