პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა პატიმარი ქალი შეიწყალა

42
(განახლებულია 15:51 02.06.2021)
შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც 1 ივნისს აღინიშნება

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა თავისუფლებაღკვეთილი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის პრეს–ცენტრის ცნობით, რვა პატიმარი ქალიდან ოთხი მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო ოთხს დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 2 ივნისს გამოსცა.

შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა მანამდე 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გამოსცა.

პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

42
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (184)
სასამართლო

ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა: ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო

7
(განახლებულია 14:47 21.06.2021)
არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის დაკავებულებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. იაღლუჯას საწვრთნელ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყო. 

ახალწვეულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე  დაკავებულია შსს–ს ორი თანამშრომელი დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩელაშვილი.  8 ივნისს გამართულ  სასამართლო პროცესზე დევდარიანმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მხრიდან განხილვაზე თანხმობა განაცხადა, ბიჩიაშვილი კი წინააღმდეგი წავიდა. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო.

საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ადამიანისგან შედგება.

საბრალდებო ვერდიქტის გამოსატანად ხმათა სამი მეოთხედია აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იყოს ცნობილი. განსაკუთრებით მძიმე საქმეში კი განაჩენის გამოტანისას სასამართლო უნდა შედგებოდეს 12 კაცისგან და ვერდიქტი აუცილებლად უნდა იყოს ერთსულოვანი.

დევდარიანის ადვოკატის დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„დღევანდელ სხდომაზე დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად პროცედურული საკითხების მათ შორის  კითხვარების განსაზღვრა.  დავით დევდარიანი დუმილის უფლებას იყენებს.  იგი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას აუცილებლად მისცემს. ჩვენ მისი უდანაშაულობის დამტკიცებას შევეცდებით“, – განაცხადა ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან. 

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კერძოდ, 2020 წლის მარტში დევდარიანი სამხედროებს სპეციალური ეკიპირებით, რომელიც 10 კილოგრამს იწონის, ორი საათის განმავლობაში მუხლზე დამდგარს აიძულებდა, კბილის ჯაგრისით გაეხეხათ ყაზარმის საპირფარეშოს იატაკი.

ორი თვის შემდეგ, 2020 წლის მაისში მან გაიმეორა მსგავსი ქმედება სხვა სამხედროების მიმართ და მათ საპირფარეშოს ხეხვა 11 საათის განმავლობაში აიძულა.

დევდარიანი ასევე გადის სამხედრო მოსამსახურის ცემის ეპიზოდში 2020 წლის ივლისში.

მეორე დაკავებულს ასევე ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებით სამხედროების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ის სამ ეპიზოდში ფიგურირებს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები დასტურდება ათეულობით მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, ბრალდებულთა მობილურ ტელეფონებზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ფოტო-მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებებით.

აპრილში სასამართლო მოსმენაზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კიდევ თანამშრომელი, ბიჩელაშვილისა და დევდარიანის უშუალო უფროსი ფიგურირებდა. მარტის ბოლოს მან თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რვა თვით ადრე ის დაიკითხა.

7

აქციის დაშლა ბათუმში: ადგილობრივები პოლიციას დაუპირისპირდნენ - ვიდეო

13
აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში კადრები შემთხვევის ადგილიდან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შვიდი სპორტსმენის გათავისუფლებას, რომლებსაც ბრალად ედებათ აპრილში ნამახვან-ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

მომიტინგეებმა მთავრობის სახლთან კარვების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დაკავებულებს შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე. ერთ-ერთი დემონსტრანტი, რომელიც შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა.

მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ 12 აპრილს აქციაზე მომხდარი ინციდენტი პროვოკაცია იყო. ისინი სპორტსმენების დაკავებას, რომელთა შორისაც არიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, პოლიტიკურს უწოდებენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 12 აპრილს აქციის დროს სხეულის დაზიანება მიაყენეს აქციის სამ მონაწილეს, ასევე დააზიანეს ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკუთვნოდა.

ექვსი სპორტსმენი - ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები, 15 აპრილს ბათუმში დააკავეს. რამდნეიმე დღის შემდეგ დააკავეს ელდარ ანთაძეც.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის“ მუხლით. დანაშაული ისჯება ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

თავად ბრალდებულდა ვერსიის თანახმად, აქციაზე მათთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც პროვოკაციული შეკითხვები დაუსვა, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყო.

13