ნათია თურნავა

რა შემთხვევაში მიიჩნევა ობიექტი კოვიდ-უსაფრთხოდ: თურნავას განმარტება

105
(განახლებულია 18:10 04.05.2021)
ეკონომიკის მინისტრი დარმუნებულია, რომ თავად კომპანიების ინტერესებშია – ჰყავდეთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინირებული თანამშრომელი.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიები, რომელთა პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, კოვიდ-უსაფრთხო ობიექტებად ჩაითვლება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, ჩაითვლება ე.წ. კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროებად, კოვიდ-უსაფრთხო რესტორნებად, კოვიდ-უსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა ჩვენ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით, გავუწევთ მათ „პრომოუშენს“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ტურისტული ინდუსტრიის პერსონალის ვაქცინაციით სექტორი სწრაფად აღდგება, რაც ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. 

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ტურისტული სექტორი. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციით“, — აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის ასოციაციებთან ერთად იმუშავებს ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების თანამშრომლების სიების შექმნაზე, რათა მათი რეგისტრაცია და ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ორგანიზებულად მოხდეს.  

ეკონომიკის მინისტრს მიაჩნია, რომ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ვაქცინირებული თანამშრომელი ჰყავდეთ.

დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან კორონავირუსზე აიცრებიან. უკვე არსებულ ჩამონათვალს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.

105
გიორგი ვაშაძე

ID-ბარათები თუ ძველი პირადობის მოწმობები: რაზე მსჯელობენ ოპოზიცია და მმართველი პარტია

49
მხარეების მთავარი ამოცანა პოზიციების დაახლოებაა და OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის ასახვა საარჩევნო რეფორმაში

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში მომავალი არჩევნები შესაძლოა ID-ბარათების და არა ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გამოყენებით გაიმართოს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმა განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

„ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID-ბარათი იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფს არჩევნებზე მხოლოდ ID ბარათების გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ერთ-ერთ საკითხად განიხილება ისიც, რომ ხომ არ იქნება სწორი, გადავიდეთ მეტი ინტენსივობით ID-ბარათების გამოყენებაზე, თუმცა, ამას თან სდევს გარკვეული პრაქტიკული პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. რაზეც ვმსჯელობთ. ჯერ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ვმსჯელობთ, გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ხომ არ იქნება“, – გააცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ამოცანა არჩევნების ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლებას მოიცავს.

„ჩვენი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად და მოქნილად შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს კომფორტული სერვისი, რომ ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესში ჩართვა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ინიცირებული ცვლილებები ამომრჩეველთა რეგისტრაციის და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების დანერგვას გულისხმობს, იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ზე ქვემოთ დადგინდება. კონკრეტული ზღვარი განისაზღვრება შესაბამის საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული საჯარო და საპარლამენტო დებატების შედეგად.

ადგილობრივი თვითმმართველობის მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%-ს, სხვა თვითმმართველობებში – არაუმეტეს 3,2%-ს. OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.

49
საპარლამენტო არჩევნები

როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები? „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მუშაობას შეუდგნენ

31
(განახლებულია 22:40 10.05.2021)
მხარეების მთავარი ამოცანა პოზიციების დაახლოება და საარჩევნო რეფორმაში OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის ასახვაა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ოპოზიცია და მმართველი პარტია განიხილავენ საარჩევნო სისტემის რეფორმას სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ იმართება.

შეხვედრაში მონაწილეობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კომპრომისულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ვფიქრობ, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, სადაც საჭიროა ჩვენი პოზიციების დაახლოება. მეორეა - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რა მასშტაბითაც და რა ფორმითაც შესაძლებელია. ჩვენ მივიღებთ საარჩევნო ადმინისტრაციის გაცილებით უფრო გამართულ მუშაობას, საჩივრების განხილვის გამართულ სისტემას, აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე 40-მდე წინადადება აქვთ მომზადებული.

„რამეზე თუ უნდა შევთანხმდეთ, ისაა, როგორ ჩავატაროთ არჩევნები, რომ მომავალი არჩევნები არ იყოს კითხვებით სავსე და პოლიტიკური კრიზისის წყარო. ეს ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ანაბეჭდების მექანიზმი, ასევე 10 პროცენტის სავალდებულო გადათვლა, საჯარიმო სანქციებია შეკრებაზე და იზრდება საარჩევნო უბნებთან გადაადგილების რადიუსი. ეს ყველაფერი იმის განცდას გააჩენს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. დარღვევები იქნება, მაგრამ, მთავარია, ამან გავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „მოქალაქეები“ ლევან იოსელიანმა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორ დღეს გასტანს. მისი მუშაობის შედეგად საარჩევნო კანონმდებლობაში OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა აისახოს.

მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპი და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა ამჟამად მოამზადეს სრული ანგარიში ცვლილებებზე და კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.

ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

31
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

0
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

0