თამარ გაბუნია

გაბუნია: თბილისში Pfizer-ის ვაქცინის პრაქტიკულად ყველა დოზა უკვე დაიჯავშნა

120
(განახლებულია 22:36 26.03.2021)
მოქალაქეებს რიგის მართვის სპეციალურ პორტალზე ადგილის დაჯავშნის საშუალება გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან მიეცათ.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. კომპანია Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაციისთვის რიგის მართვის პორტალზე ადგილები თბილისში პრაქტიკულად შეივსო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ადგილები დარჩენილია ქუთაისსა და ბათუმში, საიდანაც ელოდებიან მონაცემებს – რამდენი დოზა „ფაიზერი“ გამოიყოფა მათთვის. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყო. აქამდე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდებოდა. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის ქვეყანამ გუშინ, 25 მარტს მიიღო. პირველ ეტაპზე პრეპარატის 30 ათასამდე დოზა შემოვიდა. გუშინვე, დღის მეორე ნახევრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, დარეგისტრირდნენ რიგის მართვის სპეციალურ პორტალზე და ამასთან არჩევანი გააკეთონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის.

„ფაიზერი“ ყველას მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში და გამოიყენონ ის ვაქცინა, რაც ქვეყანაში არის. 10 ათასზე ცოტა მეტია რეგისტრირებული, თუმცა ამ მონაცემებს დაემატება ქუთაისისა და ბათუმის ჯავშნები“, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გარდა იმისა, რომ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაღალი აქტივობა იყო, ასევე დიდი რაოდენობით ზარები შევიდა ნომერზე 15–22.

  • „ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ ტექნიკურ ჯგუფთან, რომ დაჩქარდეს პასუხის გაცემა, რათა თუ მომდევნო დღეებშიც ასეთი აქტივობა იქნება, მოლოდინის რეჟიმი იყოს მინიმალური“, — განაცხადა გაბუნიამ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

 

120
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (630)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 9 მაისი

186
(განახლებულია 22:23 08.05.2021)
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელი ეპისკოპოსის, მართლი გლაფირა ქალწულის, ასევე სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში
მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული

ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.

ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322).

წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. წმიდა ბასილიმ მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.

სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი 

სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

1395 წელს წმიდა სტეფანე გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

186
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი

ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა

37
ამ გამარჯვების წყალობით ბათუმელებმა თბილისურ გუნდს სატურნირო ცხრილში გაუსწრეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ბათუმის „დინამომ“ თავის ახალ სტადიონზე თბილისის „დინამოს“ 1:0 მოუგო. საფეხბურთო მატჩი საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მე–12 ტურის ფარგლებში გაიმართა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.

ბათუმელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ. გია გეგუჩაძის გუნდმა მეტოქის კარში რვა დარტყმა განახორციელეს, ხოლო თბილისელებმა – მხოლოდ ერთი.

თამაში საკმაოდ უხეშად წარიმართა. ორივე კლუბის ფეხბურთელებმა წესები 35–ჯერ დაარღვიეს, მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ყვითელი ბარათი ექვსჯერ აჩვენა.

ამ გამარჯვების წყალობით ბათუმის „დინამომ“ თბილისურ გუნდს სატურნირო ცხრილში გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ორივე გუნდს 25 ქულა აქვს, მაგრამ ბათუმელები დედაქალაქელებს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ წინ.

37
თემები:
სპორტის ამბები