თბილისი

ბიზნეს-ასოციაცია: აუცილებელია კომენდანტის საათის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა

1328
(განახლებულია 22:01 26.02.2021)
საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს ტურიზმი და ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს, იუწყება პირველი არხი.

შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ერთ–ერთი ძირითადი საკითხი  ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა იყო.  

24 თებერვალს საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ძალაში დატოვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, „კომენდანტის საათი“ ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესზე და ზრდის ოპერირების ხარჯებს, რაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ  ბიზნესს დამატებით მძიმე ტვირთად აწვება.

„უკიდურესად აუცილებელია „კომენდანტის საათის“ თუნდაც ორი საათით, 23:00 საათამდე გადაწევა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, რადგანაც ამ გადაწყვეტილების მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების ასევე ამ კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

თავის მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის მხარდაჭერის მარკეტინგული სტრატეგია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობაზეა გამახვილებული. 

მედეა ჯანიაშვილის თქმით, მიმდინარეობს ტურიზმის, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება პოსტკოვიდურ პერიოდში. 

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას, პოსტ-კოვიდური საერთაშორისო მოგზაურობის უახლეს ტენდენციებსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.

 კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა და ეს, ფაქტობრივად, ყველა სფეროს შეეხო. ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ბიზნესი სტაგნაციაშია და ვინც შეინარჩუნა სამუშაო, ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. სიტუაციას მოქმედი შეზღუდვებიც აღრმავებს. ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, რათა ეკონომიკა ნელ–ნელა გამოცოცხლდეს.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავიდან მოქალაქეების გადაადგილება იკრძალებოდა 22:00–05:00 საათამდე პერიოდში, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, დრო ერთი საათით გაიზარდა  და  აღნიშნული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.

1328
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (515)
საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის  ესკალაცია

11
(განახლებულია 17:19 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. 

საპატრიარქო დაუშვებლად მიიჩნევს  სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და კატეგორიულ ტონს, რომელიც, მათი განმარტებით,  არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

„ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

11
გალის რაიონი

ტესტი კარანტინის ნაცვლად აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის შეზღუდვები მსუბუქდება

9
(განახლებულია 16:57 14.04.2021)
ამ დრომდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ჯერ 14–დღიანი, შემდეგ კი ხუთდღიანი კარანტინი მოქმედებდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოქმედ რეგულაციებს ცვლის – ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად, ისინი ტესტირებას დაექვემდებარებიან.

აღნიშნული ნორმა 19 აპრილიდან ამოქმედდება.
ანტიგენზე ტესტის ჩატარებასთან ერთად, ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ ასაკობრივ კატეგორიებს, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთონ. 

იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ტესტის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა. მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის – პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კი ახლა სავალდებულო კარანტინი საერთოდ უქმდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს სწორად ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

9