გზის გაწმენდა თოვლისგან

შეზღუდვები საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

41
(განახლებულია 14:07 24.02.2021)
ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყნის გზების ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე - ნაქერალას უღელტეხილზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზეც.

აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთს (1-52 კმ), აქაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლი, ქარბუქი, ნისლი – სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ>>

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოში ბოლო დღეებში უხვი თოვლი მოვიდა, რის გამოც გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

41
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (402)
 შოუ The Voice Georgia

„ვიცე-მის საქართველო“, მძიმე როკი და რესტორნის მომღერლები: რა მოამზადა ქართულმა „ვოისმა“

16
(განახლებულია 22:21 01.03.2021)
პროექტში The Voice of Georgia თავი მოიყარეს ყველაზე, ყველაზე გამორჩეულებმა - მოდელებმა, ქუჩის მუსიკოსებმა, რესტორნის მომღერლებმა და უბრალოდ სიმღერის მოყვარულებმა

შაბათს ვოკალური ტელეპროექტის The Voice of Georgia სეზონის მეორე გამოშვება - ბრმა მოსმენების ეტაპი გაიმართა. Sputnik-საქართველო მკითხველს ყველაზე გამორჩეულ კონკურსანტებსა და ნომრებს აცნობს.

სანდრო ლაშხი

სანდრო ლაშხი 20 წლის სტუდენტი და ქუჩის მუსიკოსია სასიამოვნო ხრინწიანი ხმით. მუსიკა ლაშხის ერთადერთი გატაცება არ არის. ის დროს უთმობს ფოტოგრაფიასა და ხატვას, განსაკუთრებით კი მოტოციკლეტები უყვარს.

სანდრომ შეასრულა ჯგუფის The Animals სიმღერა The house of rising sun. დაიწყო დაბალი ტონალობით, შემდეგ კი ზედა რეგისტრში გადავიდა. იგი მძიმე და კლასიკური როკის თაყვანისმცემელია. სანდრომ ნიკა რაჭველი და სალიო შემოაბრუნა, არჩევანი კი სალიოს გუნდზე შეაჩერა. 

მარიამ დოკვაძე

ოცდასამი წლის მარიამ დოკვაძე რუსთავიდანაა. გოგონას დედის თქმით, იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სრულყოფილი სმენით, ამიტომ გადაწყვიტეს მუსიკალურ სკოლაში მიყვანა. მარიამმა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, ამიტომ მიაჩნია, რომ თვითნასწავლია. 18 წლის ასაკში მარიამმა შექმნა ბენდი, რომელთან ერთადაც რესტორნებში გამოდიოდა.

პროექტისთვის დოკვაძემ შეარჩია არეტა ფრანკლინის სიმღერა Respect. გოგონამ ენერგიითა და ძლიერი ვოკალით თავიდანვე დაიმსახურა სტეფანესა და სალიოს მოწონება. მან სტეფანეს გუნდი აირჩია.

ლარა იანი

ამ გამოშვების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილე თბილისელი 28 წლის ლარა იანი იყო. 2017 წელს ლარა მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში „მის მსოფლიო“, როგორც „ვიცე-მის საქართველო“, 2020 წელს კი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პირველი „ვიცე-მის ოფისი“ გახდა.

გოგონამ შეასრულა ბიონსეს სიმღერა Runnin. მსმენელი და მეგობარი ბიჭი ამაოდ ელოდნენ, რომ მისკენ ჟიურის რომელიმე წევრი შემობრუნდებოდა, თუმცა სიმღერის დასრულების შემდეგ, გოგონას დანახვისას, სტეფანემ ის კომპლიმენტებით აავსო.

სალომე ხუჯაძე

18 წლის თბილისელი სალომე ხუჯაძე ბავშვობიდან გატაცებულია სიმღერით. გოგონა საკმაოდ თავდაჯერებულია და გამოსვლამდე თითქმის არ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი პროექტია. ხუჯაძემ შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა I'm changing.

მან ხმის ტემბრით ჟიურის სამი წევრი მოხიბლა - სტეფანე, ნიკა რაჭველი და სალიო. არჩევანი კი მაესტრო რაჭველის გუნდზე შეაჩერა.

კატო ვერხვიაშვილი

31 წლის კატო თბილისში ცხოვრობს. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, მაგრამ ძალები სპორტშიც აქვს მოსინჯული. ამჟამად მუსიკის გარდა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. პროექტ „ვოისის“ სცენაზე თავისი პირველი გამოსვლა კატომ მიუძღვნა მამას, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა.

კატომ ტომ ჟობიმის სიმღერის Meditation პირველივე ნოტებიდან მიიქცია ყურადღება. სტეფანემ მომღერალი შეაფასა, როგორც ძალიან ალტერნატიული. ამასობაში მისკენ სალიო შემობრუნდა, რომელიც კატოს ნამღერმა ისე აღაფრთოვანა, რომ ჟიურის დანარჩენი წევრების ღილაკებსაც თავად დააჭირა ხელი. საბოლოოდ მომღერალი ნიაზ დიასამიძის გუნდში მოხვდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

16
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე

დაუგეგმავი შეხვედრა: ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებებს მართავენ

39
ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის ინიციატივით საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოვიდა

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან - რამდენიმე წუთში აქ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით, მოლაპარაკება დაიწყება, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიშელმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია, თანაც დაუყოვნებლივ.

პრეზიდენტის სასახლეში იკრიბებიან ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი).

ორბელიანის სასახლეში იმყოფებიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები - მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

39