ადამიანები ქუჩაში

ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების ჯგუფშია

150
(განახლებულია 21:24 18.12.2020)
„ადამიანის თავისუფლების ინდექსი“ პირველი ყოვლისმომცველი ინდექსია, რომელიც ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ სფეროებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების ჯგუფში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა. ამის შესახებ ცნობილი The HUMAN FREEDOM INDEX 2020-ის რეიტინგიდან ხდება. 

ადამიანის თავისუფლების ინდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინდექსია, რომელიც ადამიანთა თავისუფლებას თითოეულ ქვეყანაში 0-დან 10 ქულამდე აფასებს. ინდექსი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და სხვ. 

162 ქვეყანას შორის საქართველო რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს 7.87 ქულით, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთი უსწრებს.

ინდექსი ქვეყნებს ადამიანის თავისუფლების დონის მიხედვით ოთხ ზონად აჯგუფებს. საქართველო წელს უკვე მეორედ მოხვდა საუკეთესოთა შორის – პირველ ზონაში, ანუ იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანის თავისუფლება ყველაზე მეტადაა დაცული. მანამდე საქართველო პირველი კატეგორიის ქვეყნებს შორის შარშან დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ფარგლებში საქართველო, ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით, ევროპაში მე-2 ადგილზეა და მას მხოლოდ შვეიცარია უსწრებს.

საუკეთესო ათეულში შევიდნენ: ახალი ზელანდია, შვეიცარია, ჰონკონგი, კანადა, ავსტრალია, დანია, ლუქსემბურგი, ფინეთი, გერმანია და ირლანდია.

რაც შეეხება რეგიონულ მეზობლებს, ადამიანის თავისუფლების ინდექსში სომხეთმა 47-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა – 116-ე, რუსეთმა – 115-ე, ხოლო თურქეთმა – 119-ე ადგილი.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი და ანგარიში ქვეყნდება კატონის ინსტიტუტის, ფრეიზერის ინსტიტუტის და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის ლიბერალთა ინსტიტუტის მიერ - ერთობლივად.

 

150
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (52)
„ენგურჰესი

თურნავა: „ენგურჰესის“ რემონტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის

7
(განახლებულია 08:49 19.01.2021)
სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები განუწყვეტლივ რეჟიმში ჩატარდება, რათა „ენგურჰესმა“ დროულად განაახლოს ფუნქციონირება

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ყველაზე მძლავრი სადგურის – „ენგურჰესის“ რემონტის პროექტი მასშტაბურია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დერივაციული (ჰიდროტექნიკური) გვირაბის დაგეგმილი სამუშაოების გამო სადგური 20 იანვრიდან 1 მაისამდე არ იმუშავებს. გამოირთვება „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი.

მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია თურნავამ ქვეყნის ენერგოსექტორის სახელმწიფო უწყებებისა და იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, რომლებიც ჰესის რემონტის პროექტს ახორციელებენ.

„ენგურჰესი“ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა... მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო–სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები – ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება–რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები უწყვეტ– 24–საათიან რეჟიმში განხორციელდება, რათა დროულად ამუშავდეს ქვეყნის უმძლავრესი ჰესი.

თურნავა: საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით არ დაზარალდება>>

სარემონტო სამუშაოები „ენგურჰესზე“ ბოლოს 15 წლის წინ ჩატარდა. თურნავას განცხადებით, ჰიდროსადგურის მუშაობის უსაფრთხოებისთვის მისი გაჩერება აუცილებელია. ამისთვის კი ყველაზე ოპტიმალური დრო შეარჩიეს, როდესაც „ენგურჰესის“ წყლის რესურსები მინიმალურია.

რემონტის პროექტის სრული ღირებულებაა 45 მლნ ევრო. აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიერ გამოყოფილი თანხა.

„ენგურჰესი“ ყველაზე დიდი ჰესია კავკასიაში და ის საქართველოს ელექტროენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთარში აფხაზეთს მიეწოდება, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

„ენგურჰესი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

7
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

15
(განახლებულია 08:17 19.01.2021)
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას

დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ შესრულდება.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი — არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

15