საქართველოსა და აშშ–ის დროშები

აშშ-ის საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

123
(განახლებულია 13:05 09.11.2020)
აშშ-ის საელჩო საქართველოში დემონსტრაციებთან დაკავშირებით თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ დემონსტრაციების გამართვის ადგილებს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ისეთ ადგილებს, სადაც დემონსტრანტები იკრიბებიან ან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა შეინიშნება.

ცესკოსთან აქცია იშლება: ოპოზიციის ახალი შეკრების დრო დაანონსებულია>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. გუშინ გამართულ აქციაზე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

„აშშ-ის სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, თავი აარიდონ ნებისმიერ ტერიტორიას, სადაც პოლიცია ფართოდ არის წარმოდგენილი, რომელიც ხალხმრავალი შეკრებისა და პოტენციური ძალადობის მანიშნებელია, და გამოიჩინონ სიფრთხილე ნებისმიერი დემონსტრაციის სიახლოვეს აღმოჩენის შემთხვევაში. ისინი, ვინც იმყოფებიან პროტესტის მიმდებარე არეალში სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებებში, ხალხის დაშლამდე შენობებში უნდა დარჩნენ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო ასევე მიმართავს თავის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ტურისტულ ადგილებში მოხვედრისას და თან იქონიონ სამოგზაურო დოკუმენტაცია.

ოპოზიციის აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. თავდაპირველად ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაიშლებიან, სანამ არ შესრულდება მათი სამი მოთხოვნა - ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოგვიანებით მათ გეგმები შეცვალეს და ორშაბათს, საღამოს 6 საათიდან აქციის პარლამენტის შენობის წინ განახლების შესახებ გამოაცხადეს, რადგან აქციის უმეტესი მონაწილე წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დასველდა და მათ დასვენება და მომდევნო აქციებისთვის ძალების მოკრება სჭირდებათ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წყლის ჭავლი. პირველად მაშინ, როცა ცესკოს შენობის წინ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. მეორედ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეებმა გამყოფი ჯებირების და პოლიციის კორდონების გარღვევა სცადეს. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცესკოსთან ვითარება დაიძაბა: სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

123
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)
ქალთა მარში თბილისში – აქცია

„იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“ საქართველოში ახალი კამპანია დაიწყო

17
(განახლებულია 21:10 27.11.2020)
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ქვეყანაში ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულების ხუთეულში შედის

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ყველა მსხვერპლი და პოტენციური მსხვერპლი სახელმწიფოსგან საჭირო დახმარებისა და მხარდაჭერის მიღებას შეძლებს, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებაში.

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ>>

სააგენტო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16–დღიან კამპანიას შეუერთდა. სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად ქვეყანაშიკორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისისა, ბრძოლა ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. პრობლემის ეფექტური გადაჭრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობა – თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა.

ამჟამად სახელმწიფო დახმარების სააგენტოს ბაზაზე ქვეყნის მასშტაბით ხუთი კრიზისული ცენტრი მოქმედებს. ამ დაწესებულებების მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე 116 006. ძალადობის საკითხებზე სატელეფონო კონსულტაცია რვა ენაზე, მათ შორის ქართულზე 24 საათიან რეჟიმშია შესაძლებელი. გარანტირებულია ანონიმურობა.

კრიზისული ცენტრების მომსახურების მიღება შეუძლიათ მსხვერპლს, ოჯახური ძალადობისა და ქალებზე ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ტრეფიკინგის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლს.

ყველა დაზარალებულის, ძალადობის მსხვერპლისთვის ცენტრები უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ–სოციალურ რეაბილიტაციას, გაუწევენ სამედიცინო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებას და ა.შ.

ძალადობის სტატისტიკა: 8 თვეში ოჯახური ტირანების მსხვერპლი 6 ათასზე მეტი ადამიანი გახდა>>

რაც შეეხება ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, ცენტრი მათ მისცემს დროებით საცხოვრებელს, გაუწევს ფსიქოლოგის, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო, სამართლებრივ დახმარებას, ასევე დაეხმარება თარჯიმნით და ა.შ.

კრიზისული ცენტრების მისამართები:

  • თბილისი – ბუდაპეშტის ქუჩა №28
  • ქუთაისი – დუმბაძის ქუჩა №59–61
  • გორი – ბარნოვის ქუჩა №9ა
  • მარნეული – რუსთაველის ქუჩა №41
  • ოზურგეთი – გრიბოედოვის ქუჩა №21

ოჯახური ძალადობა დღემდე ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულია საქართველოში. 2020 წლის  ცხრა თვეში 4 138 ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 25–44 წლის ქალები. წლის დასაწყისიდან ამ დანაშაულის შედეგად 19 ქალი დაიღუპა.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა>>

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.

17
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე

შობის მარხვაში მორწმუნეებს, საჭიროების შემთხვევაში, რძის ნაწარმის მიღების ნება მიეცემათ

49
28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება ზიარების მისაღებად, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ილია მეორე: წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ>>

ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

პატრიარქი მრევლს სთხოვს, გააძლიერონ ლოცვა და, ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

„ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მარხვა სინანულისა და შობა სიხარულისა გაგვითენოს უფალმა, ამინ!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

ქრისტეშობის მარხვა 40 დღე გრძელდება. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.

ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები მეოთხე საუკუნიდან მოიპოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღი მკაცრად განსაზღვრული არ იყო. ორმოცდღიანი მარხვა 1166 წლს პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში მოწვეულ კონსტანტინეპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა. მარხვის დასაწყისში მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს ლოცვის გაძლიერებისკენ, ზიარებისკენ, თავმდაბლობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებენ.

49