საპარლამენტო არჩევნები 2020

პურმარილი, ცხოველები, რომანტიკა სანთლის შუქზე - ყველაზე სახალისო ამბები არჩევნები-2020-დან

123
(განახლებულია 21:14 31.10.2020)
ტრავოლტა-კიკაბიძის მემი, დაბნეული კობახიძე, პურმარილი, ეთნიკური უმცირესობების ურთიერთდახმარება და საუკეთესო კონიაკები საარჩევნო უბნებზე - ჩვენ გიამბობთ, რა მხიარულად ჩაიარა არჩევნების დღემ საქართველოში

არჩევნები საქართველოში არა მარტო პასუხისმგებლობა და დაძაბულობაა, ეს ასევე საკმაოდ სახალისო თემაა და კურიოზების გარეშე მას არასდროს ჩაუვლია. ამჟამინდელი საპარლამენტო არჩევნებიც გამონაკლისი არ ყოფილა, თანაც ის საკმაოდ უჩვეულო რეჟიმში - COVID-19-ის პანდემიის პირობებში ტარდება.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ყველაზე მხიარული ამბების შესახებ, რომლებიც დღის განმავლობაში დაფიქსირდა.

ბუბა კიკაბიძე თუ ჯონ ტრავოლტა?

ბუბა კიკაბიძემ, „ენმ“-ის სიის პირველმა ნომერმა, პირობა შეასრულა: წავიდა არჩევნებზე და საკმაოდ მიზანდასახულიც იყო.

თუმცა თავის საარჩევნო უბანზე პირველივე ჯერზე მოხვედრა ხელოვანმა ვერ მოახერხა. ამიტომაც კიკაბიძე ჯონ ტრავოლტას მემიდ იქცა ფილმიდან „მაკულატურა“, რომელმაც არ იცის საიდ წავიდეს და გაკვირვებული იქით-აქეთ იყურება.

ხმის მისაცემად მისულ კიკაბიძეს თავდაპირველად საარჩევნო უბანი შეეშალა, სადაც უთხრეს, რომ იმ კონკრეტული უბნის სიაში არ იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბუბა კიკაბიძე იმავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანში იყო რეგისტრირებული. იქ ბუბამ ურიგოდ შესვლა სცადა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ერთი სიტყვით, არჩევნები სცენა არ გეგონოთ, აქ ყველაფერი გაცილებით სერიოზულია.

რომანტიკული არჩევნები სანთლის შუქზე

ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც ხმის მიცემის პროცედურა სანთლის შუქზე გაგრძელდა. რას უკავშირდება ტექნიკური პრობლემა საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ უბანზე, არ კონკრეტდება.

კობახიძე, რატომ თავი არ დაგრჩა?!

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არჩევნებზე წასვლა დილიდანვე გადაწყვიტა, მაგრამ იქ ადგილი ჰქონდა მცირე უხერხულობას. საქმე ისაა, რომ კობახიძეს სახლში დარჩა პირადობის მოწმობა, რომლის გარეშეც ხმის მიცემა შეუძლებელია.

სოციალურ ქსელებში კომენტარებში ყველა წერდა ძველ ყველასათვის ნაცნობ ფრაზას: „რატომ თავი არ დაგრჩა?!“. მაგრამ ზოგიერთები იცავდნენ კობახიძეს და აღნიშნავდნენ, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და მსგავსი ფაქტები ყველა მოკვდავს ახასიათებს.

ყველანი არჩევნებზე!

არჩევნებზე არ წასულებს უნდა რცხვენოდეთ, რადგან 31 ოქტომბერს ხმის მისაცემად ძაღლიც კი მივიდა. ქსელში გავრცელდა ძაღლუკას ვიდეო, სადაც ის საარჩევნო უბანზე მივიდა და უკანა თათებზე შემდგარი მაგიდას შეჰყურებს. ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს ძაღლი თავის ბიულეტენს ელოდება.

თუ ძაღლმა ვერ მიიღო თავისი ბიულეტენი, კატამ მას ნამდვილად დაასწრო. ქსელში არსებობს ვიდეო, სადაც კატა თავის პატრონთან ერთად ურნაში ბიულეტენს აგდებს. როგორც ჩანს, ნადვილად ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რადგან უკვე ამდენი შინაური ცხოველი „მივიდა“ უბანზე?

აუ, ამ რიგში დავიღალე, ძმაო

აი კიდევ ერთი სახალისო ვიდეო, სადაც მამაკაცი, მაგიდასთან, რომელთანაც ბიულეტენი უნდა მიიღოს, ჩაცუცქული ზის. დღეს უბნებზე რიგები იყო და როგორც ჩანს მამაკაცი დაიღალა და ცოტა დასვენება გადაწყვიტა. რატომაც არა?

დეზინფექცია ხომ არ ჩავიტაროთ?

არჩევნები თავის თავად, მაგრამ ცოტა მოდუნებაც საჭიროა“ თქვენს წინაშეა ფოტო, რომელიც ჭიათურაშია გადაღებული. კომისიის წევრებმა საარჩევნო უბანზე მიიტანეს და მიირთვეს ალკოჰოლი, დამკვირვებლების შენიშვნების მიუხედავად. კომისიის წევრებიც ადამიანები არიან, დღეს კი ძალიან მძიმე დღეა, აბა რავა!

სხვა ვერსიით, ეს იყო სადეზინფექციო ხსნარი, ბოლო ბოლო კორონავირუსია გარეთ!

სამაია

როგორც აღვნიშნეთ, საპარლამენტო არჩევნები - სერიოზული და არასახუმარო საქმეა, ამიტომ მარნეულში ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ ჯგუფებად, როგორც ამ ფოტოზე, სადაც ერთ კაბინაში სამი ქალი ერთად დგას.

სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, კომენტარებში ბევრი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ერთი ქალი ეხმარება მეორეს კანდიდატების გვარების წაკითხვაში, რადგან აზერბაიჯანელებით დასახლებულ ამ რეგიონში, სამწუხაროდ, ქართული ენა ცუდად იციან.

ესებუა - პარლამენტში!

ბადრი ესებუა - ზუგდიდის ბანკის თავდამსხმელი, რომელმაც ზოგიერთებში სახელი მოიხვეჭა და კუმირადაც კი იქცა.

ერთ-ერთი ამომრჩეველი არ დაიბნა და თავისი კუმირი ბიულეტენში თვითონ ჩაამატა. აღსანიშნავია, რომ მძარცველის გამოგონილი პარტია ატარებს სახელს „თავისუფალი კრედიტორები“.

„ქურქი“

Facebook-ში ვრცელდება კიდევ ერთი ორიგინალური ამომრჩევლის ფოტო. ბათუმში მამაკაცი არჩევნებზე თბილი ქურქით გამოცხადდა. არა, დღეს კი გრილოდა, მაგრამ „საქურქე“ ამინდი ნამდვილად არ ყოფილა. ეპატაჟურმა ამომრჩეველმა „ლუქი“ არანაკლებ შესამჩნევი კოვბოური შლაპით დაასრულა.

„ჰელოუინზე მიდიოდა და არჩევნებზე შეირბინა“. „სოლიდურად გამოიყურება, ნეტა ვის მისცა ხმა?“ - აღნიშნავენ მომხმარებლები.

სუფთა ქართული არჩევნები

საქართველოში ყველა ღონისძიება, ბუნებრივია, დიდი პურმარილით გვირგვინდება. „როგორ არ ვიქეიფოთ ასეთი სერიოზული არჩევანის შემდეგ?“ - იფიქრეს გორელმა ამომრჩევლებმა და აასრულეს ის, რაც გაიფიქრეს. აღსანიშნავია, რომ ბანკეტის მენიუ ოდნავ მოკრძალებული იყო.

„ეხლა ერთმანეთს გადასდებენ“, „გარმონი აკლიათ“, „ამას მარტო საქართველოში თუ ნახავ“ - წერენ მომხმარებლები.

მეტად მრავალფეროვანი და „სერიოზული“ სუფრა ალკოჰოლის მხრივ ბოლნისში გაიშალა. ამომრჩევლებმა აქაც გააწყვეს პურმარილი, მაგრამ რას აღნიშნავდნენ - საყვარელი პარტიის მოახლოებულ გამარჯვებას თუ უბრალოდ ეს იყო სუფრა სერიიდან „ჩვენს ერთად ყოფნას გაუმარჯოს“ - ეს ჩვენთვის უცნობი დარჩა.

123
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი: დახმარების პროგრამის ასამოქმედებლად საჭიროა ახალი ბიუჯეტი

22
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი პარლამენტში დეკემბრის დასაწყისში შევა და წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik.  ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადისგან განთავისუფლება ასევე 4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, ისევე როგორც ყველა ახალი პროგრამა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო ორთვიანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება, ასევე განაცხადა, რომ წლის განმავლობაში ბიზნესი მიიღებს გარკვეულ შეღავათებს, ხოლო მოსახლეობა - სოციალურ დახმარებას.

„საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს ეს პროგრამები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტი დროულად იქნას მიღებული“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი პარლამენტში დეკემბრის დასაწყისში შევა და წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს. ამ ეტაპზე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნული არ არის, ასევე არ არის დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი და მთავრობის პროგრამა.

ამასთან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ბიუჯეტში საკმარისი რესურსია დახმარების პროგრამის განსახორციელებლად, თუმცა საქართველო განაგრძობს უცხოელი დონორების სახსრების მოზიდვას კონკრეტული პროექტების განხორციელებისათვის და რეფორმების მხარდასაჭერად.

22
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე: მიტინგები და მანიფესტაციები აღარ გაიმართება

39
პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, რომელიც შეზღუდვების დაწესების შემდეგ გაიმართება, ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ოპოზიცია გადახედავს გეგმებს საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 28 ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იკეტება ბაზრების ნაწილი. ოპოზიცია კი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, რომელიც შეზღუდვების დაწესების შემდეგ გაიმართება, მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

„ოპოზიციის გეგმებს მანიფესტაციების და მიტინგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და პარტიებს შეუძლიათ ჩაატარონ საპროტესტო აქციები, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. რვავე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

39
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ქალი ყაყაჩოებში

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

0
(განახლებულია 07:17 27.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – თეთრი ხარის წელიწადი მარტივი არ იქნება, მაგრამ რამდენადაც ქალწულები ზოდიაქოს ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ისინი ნებისმიერი პრობლემიდან გარკვეული გაკვეთილის გამოტანას ცდილობენ, რათა ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. 2021 წელს ეს პრობლემები, ძირითადად, უმნიშვნელო იქნება და ხშირად თავად ქალწულების გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>

ქალწული მამაკაცი

მამაკაც ქალწულებს, შესაძლოა, რაღაც გეგმები ჩაუვარდეთ, ჰქონდეთ გარკვეული გაუგებრობები და თავდაჯერებულობის მოულოდნელი შერყევები. ბევრი სირთულე არაპროგნოზირებადი იქნება, რაც გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, ყოველგვარ მოვლენას რაც შეიძლება მარტივად შეხედოთ.

ფინანსები და სამუშაო: ქალწულებისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო გაზაფხულის პირველი ნახევარი და შემოდგომის მიწურული იქნება. იღბალი ყველა პროფესიის წარმომადგენლების გვერდით დადგება. თქვენ მხოლოდ მოტივაცია და ენთუზიაზმი დაგჭირდებათ. ექსპერტები გირჩევენ, ფულთან დაკავშირებით იფრთხილოთ, ნებისმიერი ნივთი დაფიქრებით იყიდოთ და თანხა ქარს არ გაატანოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში ქალწულ მამაკაცებს ძალიან გაგიმართლებთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც თავისი მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია. ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს ქალწულმა მამაკაცებმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოთ ორგანიზმის სიგნალებს იმის თაობაზე, რომ რაღაც წესრიგში არაა.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

ქალწული ქალი

2021 წელი ქალწულებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. იანვრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ადრე გაწეული სამუშაოს პირველი ნაყოფის მიღება. საუკეთესო იქნება თქვენთვის დროის მუშაობაში ინვესტირება, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაივიწყოთ დროული დასვენებაც. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ სასურველი რეალობად არ მიიღოთ.

ფინანსები და სამუშაო: ფინანსურ სფეროში ქალმა ქალწულებმა აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და ენდოთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს შორის თქვენთვის ყველაზე მძლავრი იარაღი გახდება. მეექვსე გრძნობა განსაკუთრებით დაეხმარება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე ქალწულებს. ძვირადღირებული ნივთების შეძენა უპრიანი ზაფხულში იქნება, სხვა დროს, სჯობს, ამისგან თავი შეიკავოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: ამ ნიშნის ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ვარსკვლავები მომხიბვლელობისა და ქარიზმის განსაკუთრებულ აურას გიბოძებენ. გრძნობებთან დაკავშირებულ საკითხებში ქალწულები წარმატებებს უკვე 2021 წლის პირველივე დღეებიდან მიაღწევთ. შეგიძლიათ პაემანზე წასვლა, ინიციატივის გამოჩენა, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ ივარგებს.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

განწყობა და ჯანმრთელობა: ამ სფეროში ქალ ქალწულებს უფრო მშვიდი წელი გელოდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განწყობის მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც თქვენს გეგმებს დაარღვევს და იღბალს დაგაშორებთ, მოსალოდნელი არ არის. ზამთარსა და გაზაფხულზე კარგი იქნება, თუ ნეგატიური ჩვევებისგან გათავისუფლდებით.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროებისტყუპების, კირჩხიბებისა და ლომებისთვის.

0