შსს–ს შენობა

შსს-ს საგანგებო განცხადება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

81
(განახლებულია 17:15 30.10.2020)
შსს-მ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად პოლიციის მობილური ჯგუფები შექმნა, რომლებიც სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ და დაიცავენ წესრიგს.

სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციისთვის საკონტაქტოდ განსაზღვრულია შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტი. კერძოდ:

  • „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.
  • სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.
  • ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.
„საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

არჩევნების დღეს შსს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის და შესაბამისი რეაგირების შესახებ.

საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი.

81
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
ვაქცინაცია  AstraZeneca-ს პრეპარატით

ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი AstraZeneca-ს დეფიციტის მიზეზებს სწავლობს

3
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა, რის შემდეგაც ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინის დეფიციტის გამო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი შევიდა.

შემოწმების ჩატარების გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში AstraZeneca-ს ვაქცინის გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა.

რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალაქეებს ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა. როგორც მაშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მოწოდების სერიოზული შეფერხებაა, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. 

რაც შეეხება ვაქცინების დანაკარგებს, გამყრელიძის თქმით, სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტი – სამპროცენტიანი დანაკარგი იყო AstraZeneca-ზე, რადგან ის 10-დოზიან ფლაკონებშია შეფუთული და გახსნის შემდეგ გარკვეული დოზა აუთვისებელი რჩებოდა, თუ ასაცრელად ჩაწერილი ადამიანი ვაქცინაციაზე არ გამოცხადდებოდა.

როგორც გამყრელიძემ დღეს აღნიშნა, საქართველოში არავითარი ვაქცინა არ გამქრალა.

„როგორც ინფორმირებული ვარ, იმ ქარხანაში, რომლიდანაც უნდა ყოფილიყო მოწოდება, თავად გაეროს ბავშვთა ფონდმა ვერ მიიღო შესაბამისი დოზები და ვერ შემოვიდა მესამე პარტია ქვეყანაში, აღმოჩნდა გარკვეული დეფიციტი 4 000-დან 5 000-მდე მეორე და პირველ აცრაზე 30 ივნისამდე ჩაწერილი ადამიანებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ივლისში ქვეყანა ვაქცინების საკმაოდ დიდ რაოდენობას მიიღებს და დეფიციტი აღარ იქნება.

როგორც გამყრელიძემ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივლისის დასაწყისიდან  საქართველო ეტაპობრივად დაიწყებს სხვადასხვა დასახელების ვაქცინების, მათ შორის  43 ათასი დოზა AstraZenecа–ს მიღებას.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც  AstraZeneca–ს მეორე დოზით ვაქცინაციაზე იყვნენ დარეგისტრირებული და  პირველი დოზის მიღებიდან 10–12 კვირა გაუვიდათ, გამყრელიძის თქმით, მათ უკვე შეუძლიათ სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 1,8 ათასი მოქალაქე შეძლებს AstraZeneca–ს მეორე დოზით აცრას.

ამასთან, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა,  ეს არის დროებითი შეფერხება და ვაქცინაციის პროცესი ისევ გაგრძელდება.

„რაღაც დოზები მოითხოვა ჯანმომ, იმიტომ, რომ შეემოწმებინა ამ ვაქცინების შენახვის პირობები რამდენად სწორად იყო დაცული. შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგშია და ეს დოზები ისევ დაუბრუნდება ჩვენ მოქალაქეებს", - განაცხადა გოფოძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, კონკრეტული მითითებები კი დღეს გახდება ცნობილი.

„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა. შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 245.380 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 88.754 ადამიანი.

3
თურქეთის დროშა

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოებას გეგმავენ

12
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა და ის გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. საქართველომ და თურქეთმა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში განიხილეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია და დოკუმენტში სერვისებით ვაჭრობის ჩართვის შესაძლებლობა, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.

ანკარამ უმასპინძლა საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად დაარსებული ერთობლივი კომიტეტის მე -12 სხდომას, რომლის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები დოკუმენტში შესწორებების შეტანის შესახებ.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო თურქეთის დელეგაციას - ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ.

არველაძის თქმით, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ, გაზრდის ექსპორტს საქართველოდან თურქეთში და დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახადონ. მისივე თქმით, ამ საკითხზე თურქულ მხარესთან კონსულტაციების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

კომიტეტის შემდეგი სხდომა თბილისში 2021 წლის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა და ის გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა – 2021 წლის იანვარ–მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35%–ით გაიზარდა და 758,1 მლნ დოლარი – საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15,1% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.  მიუხედავად ამისა, 2020 წელსაც თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გადის ფეროშენადნობები, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფოლადის ნახევარფაბრიკატები, შავი ლითონის ჯართი და სხვა საქონელი.

თურქეთიდან შემოდის 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილი, შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სამკურნალო პრეპარატი და ა.შ. 

12