თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არაა

188
(განახლებულია 20:58 28.10.2020)
თავდაცვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დოკუმენტი საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გაავრცელეს.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წელს დაითხოვეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მოლოდინაშვილმა განაცხადა, დოკუმენტი საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გაავრცელეს.

„გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, „მთავარი არხი“ და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულიად საპირისპირო ინფორმაციას“, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუას და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღეს თუ არა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

188
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (53)
City Mall საბურთალოზე

სავაჭრო ცენტრები: მოგვეცით საშუალება, 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ვიმუშაოთ

18
(განახლებულია 18:45 27.11.2020)
სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით, უმუშევარი ცენტრებში  დასაქმებული  დაახლოებით 17 ათასი ადამიანი დარჩება

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. თბილისში მდებარე ხუთი სავაჭრო ცენტრი მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს და სთხოვს, მუშაობის საშუალება მიეცეთ არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან 3 იანვრამდე პერიოდში. 

ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება>>

ხუთშაბათს  უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) იმუშავებენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ხოლო  24 დეკემბერი - 15 იანვრის პერიოდში მათთვის შეზღუდვები მოიხსნება. 16 იანვარი - 31 იანვრის პერიოდში კი სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ-კვირას.

მიმართვას უერთდებიან: „თბილისი მოლი", „ისთ ფოინთი", „თბილისი ცენტრალი", „ქარვასლა", „სითი მოლი".

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხუთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში სავაჭრო მოლების დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან  ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ისინი ინარჩუნებდნენ სამუშაო ადგილებს და სავაჭრო ცენტრები არასდროს გამხდარა ვირუსის გარცელების ცხელი წერტილი.

„გვქონდა მოთხოვნები, ჩვენ მიმართ შეზღუდვები ყოფილიყო უფრო ლოიალური, რადგან ვთვლით, რომ ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“,- განაცხადა „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ.

ამასთან, მათი მტკიცებით,  მოლების დახურვა მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

„გადარჩენის რეჟიმში გვიწევს ფუნქციონირება. არანაირი წინაპირობა, რომ იკეტებოდა სავაჭრო ცენტრები და ხდებოდა სატრანსპორტო შეზღუდვა, არ არსებობდა. იყო საჯარო განცხადებები და კერძო კომუნიკაცია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, თუმცა დავდექით მწარე რეალობის წინაშე“, - განაცხადა „თბილისი ცენტრალის" წარმომადგენლმა ლევან ყარალაშვილმა.

სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებით,  ხუთი სავაჭრო ცენტრისთვის ყოველი დაკეტილი დღე ნიშნავს 10 მლნ ლარამდე ზარალს, ამ ცენტრებში კი დასაქმებულია  დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში არსებული ობიექტების დაკეტვის შემთხვევაში რჩებიან უმუშევრად.

ამასთან, მათი განცხადებით, სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება 15 დეკემბრიდან  – 3 იანვრის ჩათვლით პერიოდში მნიშვნელოვნად შეამცირებს მასობრივი თავყრილობების რისკს (მომხმარებლის დროში გადანაწილების თვალსაზრისით) და ინფექციის გავრცელების ალბათობას. 

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირების ბუმი დაიწყო – კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა ზრდამ ბოლო დღეებში 4 ათასს მიაღწია, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123 470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

18
თემები:
COVID-19 საქართველოში
კლინიკა

საქართველოში კორონავირუსით ხუთი ათასამდე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული

20
(განახლებულია 18:25 27.11.2020)
ბოლო თვეებში მედპერსონალის დეფიციტი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ამიტომ პანდემიასთან ბრძოლაში მომიჯნავე სამედიცინო სფეროების სპეციალისტებსაც ჩართავენ

 

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყების დღიდან კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ათასამდე მედპერსონალია, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ესაა მიახლოებული ციფრი და ინფიცირებული მედპერსონალის ზუსტი რაოდენობა დადგინდება. მედპერსონალის დეფიციტი დღეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა იმ ადამიანური რესურსის გამოყენება, რომელიც დღესდღეობით არსებობს, აღნიშნა გაბუნიამ. 

სპეციალისტებს ანაწილებენ ცხელ წერტილებში. მაგალითად, როდესაც სექტემბერში აჭარაში ეპიდვითარება გაუარესდა, თბილისიდან რეგიონში რეანიმატოლოგები გაემგზავრნენ. ისინი დღემდე იქ მუშაობენ. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტების თემა, აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად, ნებისმიერი სპეციალობის ექიმს უფლება აქვს, ჩაერთოს კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში, თუ ეს არ არის კრიტიკული და მძიმე შემთხვევა, ვინაიდან დანარჩენ შემთხვევებში რაიმე განსაკუთრებული უნარები საჭირო არ არის.

 „ოჯახის ექიმებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს, ნევროლოგებს, ინფექციონისტებს, ქირურგებს შეუძლიათ შემთხვევების მართვაში ჩართვა და ეს ძალიან დაგვეხმარა კოვიდსასტუმროებში დამატებითი პერსონალის, განსაკუთრებით ჰოსპიტალური მუშაობის გამოცდილების მქონე პერსონალის მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა გაბუნიამ.

პირველი დარტყმა მედპერსონალს მიადგა სექტემბერში, როდესაც ბევრი მედიკოსი დაინფიცირდა. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა სამუშაოს. გაბუნიამ ასევე აღნიშნა,  რომ ჯანდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან. სამხედრო ექიმები ჩართული არიან პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში. 

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დაქვემდებარებული დაწესებულებისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა. მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითოელ რეგიონზე ერთი მანქანის მობილიზებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, „სასწრაფო დახმარების“ მანქანებისთვის შეძენილი იქნება დამატებითი აღჭურვილობა. 

გაბუნიამ საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის კლინიკებში მკურნალობს 5.577 პაციენტი, მათგან 1.034-ს ინტენსიური თერაპია ესაჭიროება, 360 მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატს. 27 ნოემბერს, დილით, საქართველოს კლინიკებში 421 თავისუფალი ადგილი იყო.

 „მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის გვქონდეს თავისუფალი ადგილები. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, ის კოვიდ–სასტუმროში უნდა გაიგზავნოს. იქ მუშაობს საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი“, - ხაზი გაუსვა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 4.780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში 123 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 102 ათასი, გარდაიცვალა 1161.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

20
თემები:
COVID-19 საქართველოში