ცესკო

ცესკო კოვიდინფიცირებულების უფლებებზე ზრუნავს: როგორ მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას

39
(განახლებულია 13:41 07.10.2020)
თამარ ჟვანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო საკარანტინო ზონებში მყოფ და კოვიდ-ინფიცირებულ პირებს კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში მაქსიმალურად დაეხმაროს.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი მოქალაქეების ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე იმსჯელეს, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ცესკომ წესები დაადგინა>>

სპეციალურ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ცესკოს ინიციატივით შეიქმნა, ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში მყოფ და კოვიდ-ინფიცირებულ პირებს კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში მაქსიმალურად შეეწყოს ხელი.

ჟვანიამ სამუშაო ჯგუფს წარუდინა ინფორმაცია საკარანტინო ზონებისა და სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, სადაც ინფიცირებულები არიან განთავსებული.

„ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება ზემოაღნიშნულ სივრცეებში საარჩევნო პროცედურების ორგანიზებისთვის და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდ-ინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მორიგ შეხვედრას გამართავს. მხარეები შესაბამისი დადგენილების პროექტს დეტალურად განიხილავენ.

39
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (274)
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას არ აპირებს

22
დადგა დრო დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც არსებულ ფუნდამენტზე უკეთეს შენობას ააგებს, განაცხადა წულუკიანმა

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.

წულუკიანის თქმით, აქტიურად ვრცელდება ხმები მის დაბრუნებაზე, თუმცა თვითონ მსგავს არაფერს არ გეგმავს.

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დატოვა. წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. ის მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა და თანამდებობაზე დარჩა ყველა სხვა მინისტრზე დიდ ხანს. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის დროს - ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 48 პარტია და ორი ბლოკი.

22
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
თბილისი ღამით

როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 27 ოქტომბერს

13
დედაქალაქში თბილი და მზიანი ამინდია, სამშაბათსაც ასეთივე ამინდი იქნება, სინოპტიკოსების 23 გრადუს სითბოს გვპირდებაინ

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში სამშაბათს, 27 ოქტომბერს უპირატესად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა – პლუს 12-13 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი +22-23 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:26 საათზე ამოვა და 18:04 საათზე ჩავა.

13
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ლიანა ჯოჯუა

ლიანა ჯოჯუამ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა - ამერიკელმა მას ცხვირი გაუტეხა

0
ქართველმა სპორტსმენმა UFC-ს ეგიდით უკვე სამი ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა („ძუ მგელი“) დამარცხდა ამერიკელ მირანდა მავერიკთან UFC-ს (Ultimate Fighting Championship) ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში აბუ-დაბიში იმართება.

მსაჯებმა ბრძოლა პირველივე რაუნდში გააჩერეს, რადგან ამერიკელმა ჯოჯუას ცხვირი გაუტეხა. ქართველი სპორტსმენი ბრძოლის გაჩერების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, ასეც ხდება. ბრძოლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა“, - დაწერა ჯოჯუამ თავის Instagram-ზე.

ბრძოლის დაწყებისთანავე მავერიკმა ხელის სიგრძეში უპირატესობა მოიპოვა. ჯოჯუას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ფეხებში შეებოჭა მეტოქე, მაგრამ ყოველ მცდელობისას თავში პირდაპირი დარტყმა მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში კი იდაყვით ხისტი დარტყმა მიიღო, რომელიც ცხვირის გატეხვის მიზეზი გახდა. ექიმებმა ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს და ჯოჯუას ტექნიკური ნოკაუტი ჩაეთვალა.

ჯოჯუასთვის ეს UFC-ს ეგიდით მესამე ბრძოლა იყო, საიდანაც მან ორი წააგო, ერთი მოგებით დაასრულა.

0
თემები:
სპორტის ამბები