ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

103
(განახლებულია 20:13 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და, ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – კენჭისყრის ოთახში შესვლისას და რეგისტრატორის მაგიდასთან იდენტიფიცირებისას. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენური წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასთვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

103
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
მამაკაცი მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით

მარტოხელა მამაკაცი: განაჩენი თუ... დასახელდა დაოჯახებისთვის კრიტიკული ასაკი

16
არის თუ არა განაჩენი 40 წელს გადაცილებული მამაკაცისთვის მარტოხელობა და რამდენად დიდია მისი დაქორწინების შანსი - ფსიქოლოგი განმარტავს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არის თუ არა მარტოხელობა 40 წლის ასაკში და აქვს თუ არა ამ ასაკში მამაკაცს დაოჯახების შანსი, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ოჯახის ფსიქოლოგმა ნატალია პანფილოვამ ისაუბრა.

მისი თქმით, ორმოც წელზე მეტი ხნის მარტოხელა მამაკაცები იშვიათად ქორწინდებიან. მაშინაც კი, თუ მათ ცხოვრების თანამგზავრი ჰყავთ, ისინი არ ჩქარობენ ოჯახურ მარწუხებში მოქცევას.

„საშუალოდ 35 წლის შემდეგ ჰორმონალური ფონი თანდათან იცვლება. მამაკაცები მოწიფულობას ერგებიან და ამას თავისი შედეგები მოაქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანები უფრო რიგიდულნი ხდებიან, მათ აღარ სურთ ექსპერიმენტები“, — აღნიშნა ნატალია პანფილოვამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, 35 წლამდე ასაკის მამაკაცები შეცდომებს უფრო ადვილად ეგუებიან, ხვდებიან, რომ მათი გამოსწორების შესაძლებლობა არსებობს. ასაკის მატებასთან ერთად კი გადამწყვეტი ნაბიჯებისა ეშინიათ, არ სურთ შეცვალონ კომფორტული და ჩვეული ცხოვრების წესი, რომელიც ამ დროისთვის ჩამოუყალიბდათ.

„მამაკაცს, რაც უფრო ახლოს არის 40 წელთან, მით უფრო ნაკლები შეცდომის დაშვება სურს. მას უკვე აღარ უნდა არანაირი ექსპერიმენტი. ამ ასაკში ადამიანს უკვე აქვს ჩვევები, რომლისგან თავის დაღწევაც  რთულია და ის არც ცდილობს მათ მოშორებას. თუ ქალი თანახმაა, მოერგოს ამ მამაკაცის ცხოვრებას, მაშინ ის მასთან ერთად იცხოვრებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაქორწინდებიან“, — ამბობს პანფილოვა.

ამასთან ირკვევა, რომ იგივე ასაკის ქალბატონებსაც ნაკლებად აინტერესებთ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები.

რაც შეეხება ახალგაზრდა გოგონებს, ხშირად დიდი სიამოვნებით იწყებენ ურთიერთობას უფროს კაცებთან, მაგრამ როგორც კი აღმოაჩენენ, რომ მასთან გამუდმებით მორგებაა საჭირო, ხოლო მამაკაცი ურთიერთობებში უფრო შორს  წასვლას არ აპირებს, ისინიც მაშინვე კარგავენ ინტერესს.

16
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
სპეცოპერაცია ზუგდიდში

„ხაჭაპურები გვაჭამა, ძალიან თავაზიანი იყო...“ - რას ყვება გათავისუფლებული მძევალი

81
(განახლებულია 12:05 22.10.2020)
ზუგდიდში 21 ოქტომბერს უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი თიკო ხუფენია სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდამსხმელი მძევლებს ხაჭაპურით გაუმასპინძლდა, ძალიან თავაზიანი იყო და მათ კონდინციონერის ჩართვაც კი შესთავაზა, თუ სიცხე აწუხებდათ.

„ძალიან თავაზიანი იყო“,  - წერს გათავისუფლებული მძევალი, რომელმაც მძევლად ყოფნისას სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ფოტოც გამოაქვეყნა.

ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ზუგდიდში 21 ოქტომბერს უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელსაც მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად პოლიციის „პიკაპით“ დატოვა. ერთ-ერთი მძევალი, რომელთან ერთადაც შენობა მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაა.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით გადაადგილდა აღნიშნული ავტომანქანა. მანამდე შენობა გათავისუფლებულმა მძევლებმა დატოვეს.

შსს-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

81
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა