ექსკურსია თბილისში

მოსწავლეების უსაფრთხო ექსკურსიებისთვის: 1 იანვრიდან ახალი წესები ამოქმედდება

64
(განახლებულია 15:25 18.09.2020)
საქართველოში დღემდე არ ყოფილა კონკრეტული შეზღუდვები იმ ტრანსპორტისთვის, რომლითაც ბავშვები სასკოლო ექსკურსიებზე გადაადგილდებიან.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“, რომლის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან სკოლის ექსკურსიებზე ავტოტრანსპორტის მომსახურება ახალ წესებს დაემორჩილება.

შესწორებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ექსკურსიას ემსახურება, სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება გავლილი უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ ექვსი თვით ადრე.

ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთით.

ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით და მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას.

თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი და როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება, რომელიც მოპოვებული უნდა იყოს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ ხუთი წლით ადრე.

ტურისტებს მუზეუმ-ნაკრძალებში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ>>

მძღოლი ასევე ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

საქართველოში დღემდე არ ყოფილა კონკრეტული რეგულაციები იმ ტრანსპორტისთვის, რომლითაც ბავშვები სასკოლო ექსკურსიებზე გადაადგილდებიან. მშობლები თავად ირჩევდნენ ტრანსპორტს, რომლის გაუმართაობა ხშირად ავარიის მიზეზი ხდებოდა.

64
წინასაარჩევნო კამპანია

მეღვინეებმა თბილისში „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გამართეს

14
(განახლებულია 16:08 29.10.2020)
ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

აქციის მონაწილეებმა – კახეთიდან და შიდა ქართლიდან ჩამოსული მევენახეები – ყოფილი მმართველი პარტიის „დანაშულებრივი“ წარსული გაიხსენეს. 

„ვენახს გვიგინებენ, სარწმუნოებას გვიგინებენ, სალოცავებს გვიგინებენ, ერსა და ბერს აგინებენ, რა უნდათ ამათ პარლამენტში“, –  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან..

მევენახეებმა  აქცია გამართეს ოპოზიციურ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შენობასთანაც. მათ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ტელეკომპანიის გენდირექტორის ნიკა გვარამიას  მიერ  ქართული ღვინისა და მევენახეებისა წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. კერძოდ,  გასული წლის ივლისში გადაცემა „აქცენტებში“ გვარამიამ განაცხადა, რომ „სულ არ აინტერესებს“ რუსეთში გაიყიდება თუ არა ქართული ღვინო და მინერალურ წყლები..

აქციის მონაწილეების თქმით, ტელეკომპანიის გენდირექტორმა არამარტო კახეთი, არამედ უძველესი მეღვინეობის კულტურა შეურაცხყო.

ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

14
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
შვეიცარიის დროშა

შვეიცარიამ საქართველო „წითელი ზონიდან“ ამოიღო

19
(განახლებულია 16:29 29.10.2020)
ე.წ. „წითელი ზონის“ სიიდან ამიღეს ის ქვეყნები, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე შვეიცარიაში

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიამ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის, საქართველო  ე.წ. „წითელი ზონის“  ჩამონათვალიდან ამოიღო, ნათქვამია შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში

 „წითელ ზონაში“ ის ქვეყნები და რეგიონები რჩებიან, სადაც 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ის რაოდენობა მოდის, რაც შვეიცარიის მაჩვენებელს აღემატება.

ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „წითელ სიაში“ შედიან ანდორა, ბელგია, ჩეხეთი და სომხეთი. გარდა ამისა, „წითელ ზონადაა“ გამოცხადებული საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. ამ ქვეყნებისა თუ რეგიონების მოქალაქეებს, შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოუწევთ.

28 ოქტომბრის მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი 8 616 დაფიქსირდა. შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, აკრძალულია ბარსა და რესტორანში ერთ მაგიდასთან ოთხი ადამიანის ყოფნა. აღნიშნულ დაწესებულებებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე აქვთ.

 რაც შეეხება საქართველოს, ბოლო დღე–ღამეში  კორონავირუსით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 35 567–ს მიაღწია, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

19