გიორგი დანელია

გიორგი დანელია 90

217
(განახლებულია 19:51 25.08.2020)
გიორგი დანელიას დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. დიდი რეჟისორის ლეგენდარულმა ფილმებმა მილიონობით მაყურებელს ლირიკული კომედიის განუმეორებელი სამყარო აჩვენა და დანელიასეულ სამყაროში ცხოვრების სურვილი გაუღვიძა.

„გიორგი დანელია არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს”, – ასე ახასიათებდა დიდ რეჟისორს მსახიობი ევგენი ლეონოვი.

დიდმა რეჟისორმა გიორგი დანელიამ კინემატოგრაფიაში ახალი მიმართულება შექმნა — ლირიკული კომედია კეთილი იუმორითა და ირიბი სარკაზმით. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „გიორგი დანელიას კინო“. ის ცნობილია თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებდა საკუთარ შემოქმედებას.

გიორგი დანელია დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში. ოჯახი 1939 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მამა, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ დანელია მუშაობდა ჯერ საგზაო ინჟინრად, შემდეგ შახტის უფროსად და სსრკ-ის მეტრომშენის მთავარ ინჟინრად. დედა – მერი ანჯაფარიძე წლების განმავლობაში მუშაობდა „მოსფილმში” რეჟისორის ასისტენტად, მეორე რეჟისორად და, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრეჟიანი ფილმი. ის გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის და.

„მთელი ღამე ვტიროდი...“ - კიკაბიძე დანელიას გარდაცვალების შესახებ>>

მომავალმა რეჟისორმა თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა. 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. არქიტექტურით გატაცება დაეხმარა შემდგომ სარეჟისორო მუშაობაში: „მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რიტმით იწყება. პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და, როგორც ჩანს, ამ კვალის წაშლა შეუძლებელია". მოგვიანებით „მოსფილმის’’ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა, აღნიშნული კურსი მიხეილ რომის ხელმძღვანელობით გაიარა და 1959 წელს „მოსფილმის" სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა.

გიორგი დანელია პირველად ადრეულ ასაკში დაოჯახდა ირინა გინზბურგზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი – სვეტლანა დანელია. 1957-1984 წლებში მისი მეუღლე იყო ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებისათვის კინოს ისტორიაში (370 კინოროლი). იგი თითქმის მუდმივად ჩნდებოდა დანელიას იმჟამინდელ ფილმებში. მათი ვაჟი — რეჟისორი, პოეტი, მხატვარი ნიკოლოზ დანელია ტრაგიკულად დაიღუპა. 1984 წელს გიორგი დანელიამ კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე იქორწინა.

გიორგი დანელია რეჟისორია ფილმებისა: „არ დაიდარდო” (1969 წ.), „აფონია” (1975 წ.), „მიმინო” (1977 წ.) და სხვ.  კომედიური ჟანრის პარალელურად დანელიამ შექმნა მელოდრამა „შემოდგომის მარათონი" (1979). ამ ლეგენდარულმა ფილმებმა მილიონობით მაყურებელს ლირიკული კომედიის განუმეორებელი სამყარო აჩვენა და დანელიასეულ სამყაროში ცხოვრების სურვილი გაუღვიძა.

1986 წელს დანელიამ გადაიღო არცთუ მთლად სამეცნიერო ფანტასტიკა „ქინ-ძა-ძა", რომლისთვისაც სპეციალური პრიზი მიიღო მადრიდში.

კინორეჟისორი ორჯერ გახდა „ოქროს პალმის რტოს” ნომინანტი ფილმებისათვის „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (1964 წ.) და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” (1974 წ.).

გიორგი დანელიას არასდროს გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. მის ფილმებში სისტემატურად მონაწილეობდნენ ქართველი მსახიობები და მოქმედების ადგილიც ხშირად არის საქართველო. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1985). მისი სცენარების ერთ-ერთი თანაავტორია რეზო გაბრიაძე. ფილმების უმრავლესობისთვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, მანვე აჩუქა დანელიას მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის — „პატარა დანელიადა”.

დანელია 1989 წელს სსრკ-ის სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენი გადაეცა. თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის” წინ მისი სახელობის ვარსკვლავია გახსნილი.

გიორგი დანელია 2019 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

217
თემები:
საქართველო და კულტურა (932)
ლაბორატორია

მიტროპოლიტი გერასიმე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას  გეგმავს

10
(განახლებულია 10:10 25.09.2020)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

„ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან  ამ დღეებში დაბრუნდა. თავად მიტროპოლიტი გერასიმე PCR–ტესტის ჩატარებას დღეს გეგმავს“, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR–კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

10
თემები:
COVID-19 საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 სექტემბერს

29
(განახლებულია 20:56 24.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

29
თემები:
თბილისი დღეს