თეა წულუკიანი

მასშტაბური რეფორმა რა სიახლეები შევა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონპროექტში

391
(განახლებულია 19:44 13.08.2020)
მინისტრის თქმით, ახალი კანონპროექტის თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა.

თბილისი, 13 – Sputnik. დღეს ჩვენ დავასრულეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჰქვია საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეს კანონი 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს ჩაანაცვლებს, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნეს-წრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.

რა საჭიროა ანტიდემპინგური კანონი და რა სარგებელს მოუტანს ის ქართულ ბაზარს>>

წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისეთი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც დავის შემთხვევაში სახელმძღვანელო გახდება როგორც მეწარმეების, ასევე მოსამართლეებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ სახელმძღვანელო იქნება როგორც მეწარმეებისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის – დავის შემთხვევაში. რასაკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნეს-კლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით.

„ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ახალი კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.

391
მიხეილ ჩხენკელი

ჩხენკელი: აჭარის რეგიონის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ

6
(განახლებულია 15:09 24.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

თბილისი,  24 სექტემბერი - Sputnik. აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,  ფოთსა და გორში კი  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. 

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში.   ყველა სკოლა, სადაც სასწავლო პროცსი  განახლდება, სრულ მზადყოფნაშია, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს–ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს.  1 ოქტომბრიდან შემუშავდება  სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ, განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

6
თემები:
განათლება საქართველოში
საკლასო ოთახი

როდის განახლდება სწავლა სკოლებში მთავრობის გადაწყვეტილება

23
(განახლებულია 14:29 24.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,   განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა ყველა რეგიონს ეხება. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან  I-VI  კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.  ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევის საშუალება ექნებათ“, -განაცხადა მეზრიშვილმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

23