გახარია რაჭაში: ერთი კვირაც და აქ სიწყნარე და სიმშვიდე იქნება

© photo by press-service of Government of Georgiaპრემიერი გიორგი გახარია რაჭაში
პრემიერი გიორგი გახარია რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ხიდებისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. სტიქიის შედეგად გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა. მან ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ.

წყალდიდობის შედეგები რაჭაში - Sputnik საქართველო
რაჭაში წყალდიდობისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება

პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ღარის, შოვის ხიდისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, გომი-ჯინჭვისის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს. ასევე სოფელ ნაკიეთსა და ჟამიერეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა. აღნიშნულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გამო 12 ოჯახი გასახლებას საჭიროებს.

მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გახარია რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა.

„აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი“, – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერმა წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა სამსახურს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან, წამლიდან დაწყებული, ყველაფერი მიჰქონდათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაჭა - Sputnik საქართველო
რაჭაში სტიქიით დაზარალებულ სოფლებს წყალმომარაგება აღუდგა

რაჭის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორი კონტრაქტორი კომპანიის 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ათეული სპეციალისტი. სტიქიის ზონაში სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მათგან 40 უკვე გაიწმინდა, 8 სახლი კი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. გარე სამყაროს მოწყვეტილ 8 სოფელში დარიგდა 770 სასურსათო კალათა, პროდუქტები და მედიკამენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ – ვიდეო>>

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში რჩება 50 მეხანძრე-მაშველი. ასევე ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ყველა ახალი ამბავი
0