ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკები იხსნება: რა რეკომენდაციების შესრულება იქნება სავალდებულო

101
(განახლებულია 20:42 05.08.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს ვირუსის წიგნით გადაცემის გარკვეული რისკები.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკების მუშაობა, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო იყო დახურული, 15 სექტემბრიდან დასაშვები ხდება, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა იქნება აუცილებელი.

მანამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს სფერო მალე გაიხსნება, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ არსებობს ვირუსის წიგნით გადაცემის გარკვეული რისკები.

„სხვადასხვა კვლევებით, რამდენიმე საათი რჩება ვირუსი ცოცხალი. ჩვენთან, სამწუხაროდ, გავრცელებულია წიგნის [დანერწყვილი თითებით] გადაფურცვლის ჩვევა, ესეც მაღალი რისკის ფაქტორია“, – აღნიშნა მან.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შესაბამისი პროტოკოლი ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

101
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)
პატრული

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

6
(განახლებულია 15:29 21.09.2020)
უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ბოლო 24 საათში კორონავირუსი  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა,  მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორი შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში,  ერთი შემთხვევა გამოვლინდა შსს–ს  თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დაცვის პოლიციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა სამეგრელოში განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელსაც.

რაც შეეხება აჭარას,  ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, ერთი ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში და ორი შემთხვევა გამოვლინდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. 

„შენობებში, სადაც აღნიშნული პირები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩატარდა. 13-ვე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია. ინფიცირების შემთხვევებიდან 92 აჭარას უკავშირდება.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაიცვალა 20. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

6
თემები:
COVID-19 საქართველოში (1758)
ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვერის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა

14
(განახლებულია 14:59 21.09.2020)
ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ფილმ „ბოცვერის თათის“ (Кроличья лапа) ოპერატორმა მიხეილ კვირიკაძემ რუსეთის კინოსა და თეატრის XVIII ფესტივალზე „ამურის შემოდგომა“  საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ჯილდო მოიპოვა, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე.

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში  ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართება. 

ტრადიციულად „ამურის შემოდგომის“ ფარგლებში გაიმართა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, თეატრალური სპექტაკლების კონკურსებიი, ასევე მასტერ-კლასები და შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და გამოფენები.

ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები იყვნენ რუსი კინემატოგრაფისტები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ.

ანა ჯორჯაძის ფილმი „ბოცვერის თათი“ სამი ქვეყნის კოპროდუქციაა – რუსეთის, ბელგიისა და ფინეთის. ფილმში როლებს ასრულებენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იან წლებში, ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. მთავარი პერსონაჟები არიან ფრანგი არქიტექტორი ნიკა და საბჭოთა ინტელიგენტი ალია, რომელთა შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

14
თემები:
ქართული კინო