აქცია პერფორმანსი ზუგდიდში - არა ძალადობას

არა ძალადობას ზუგდიდში ქალთა დღეს ფემიციდის შემთხვევები გააპროტესტეს

41
(განახლებულია 17:29 08.03.2020)
აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მსგავსი შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის შემთხვევები სიმბოლურად 8 მარტს გააპროტესტეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

აქცია პერფორმანსი ზუგდიდში - არა ძალადობას
© photo: Sputnik / Nika Lataria
აქცია პერფორმანსი ზუგდიდში - არა ძალადობას

აქციის ორგანიზატორების თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მსგავსი შემთხვევების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. მათ აქციას პერფორმანსის სახე მისცეს და სიმბოლურად კაბები გამოფინეს ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებითა და წარწერებით.

„ბოლო თვეების განმავლობაში 8 ქალია მოკლული. ესაა შემზარავი სტატისტიკა და ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არა ქალების მიმართ ძალადობას”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

41
თემები:
საქართველოს რეგიონები (193)
ბაზარში

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

9
(განახლებულია 14:25 30.05.2020)
დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს. აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იყო დაკეტილი

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით  აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა, რომელთა ნაწილი გაიხსნა 27 აპრილიდან. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ნავთლუღის საცალო აგრარულ ბაზარში, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ბაზარია, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

„სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება და მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, ნავთლუღის ბაზარში გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.

დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს.

9
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი

33
(განახლებულია 14:40 30.05.2020)
ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან ცხრა ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. გამყრელიძის განმარტებით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლო კონტაქტები არიან.

მისი თქმით, თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში.

„ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი.  ამ კონტაქტებიდან,  გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა ანუ პირველწყაროსი,  ცხრას დაუდგინდა კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში,  ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი. 

„მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას ვერ დავაზუსტებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 757–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში უცხოეთიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 

ამ კვირის პირველ დღეებში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა - 1-3 ერთ დღეში. გუშინ 8 ახალი შემთხვევა დაემატა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

33
თემები:
COVID-19 საქართველოში