ვიღაცამ „ფორო იტალიკოს“ გადაუფრინა – რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა

© photo: courtesy of Robert Shavlakhadzeრობერტ შავლაყაძე
რობერტ შავლაყაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 მარტს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა XX საუკუნის უდიდესი მძლეოსანი, რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და უამრავი ღირსებით შემკობილი პიროვნება რობერტ შავლაყაძე.

„Sputnik–საქართველო“ იზიარებს მწუხარებას სახელგანთქმული სპორტსმენის გარდაცვალების გამო და ჟურნალისტ თამაზ ჩიქვანაიასთან ერთად იხსენებს რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე შავლაყაძის ფენომენალურ მიღწევას.

„მწვრთნელს შეუძლია დახვეწოს შენი ტექნიკა, გაგხადოს უფრო სწრაფი და ენერგიული, მაგრამ თუ ბუნებით შეუპოვარი არ ხარ, თუ მიზნისთვის თავგანწირული ბრძოლა არ შეგიძლია, დიდ გამარჯვებაზე ოცნება ოცნებად დარჩება“. 

ეს სიტყვები ეკუთვნის ქართველ ათლეტს, რომელმაც 1960 წელს რომის „ფორო იტალიკოზე“ ნამდვილი ფურორი მოახდინა და მძლეოსნობაში ჭიპმოჭრილი სპეციალისტების პროგნოზები თავდაყირა დააყენა...

© Семейны архивრობერტ შავლაყაძე — ქართველი მძლეოსანი, 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი
ვიღაცამ „ფორო იტალიკოს“ გადაუფრინა – რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
რობერტ შავლაყაძე — ქართველი მძლეოსანი, 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი

15 წლამდე ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი მეგობრებთან ერთად ბურთის მაგიერ ქუჩაში ნაჭრის გუნდას ან კონსერვის ქილას დასდევდა, მტკვარში ცურავდა და თანატოლებთან ერთად ელოდა ომის დასრულებას. 16 წლისამ უეცრად აიყარა ტანი და მწვრთნელების ყურადღებაც მიიპყრო. ბუნებით ნიჭიერმა, თავდაუზოგავი შრომით და საოცარი შეუპოვრობით წარმატებებსაც მალე მიაღწია. 

1960 წელს საბჭოთა სპორტსმენებთან ერთად მარადიული ქალაქში ჩასულს ერთი ფიქრი უტრიალებს თავში: ჩემპიონი უნდა გახდეს!

მაგრამ ამის თქმა იოლია, მიღწევა კი უაღრესად რთული, რადგან სიმაღლეზე მხტომელთა შეჯიბრის ფავორიტად მას არავინ მიიჩნევს.

რომის ოლიმპიური თამაშების ფავორიტად 19 წლის ბოსტონელი ჯონ თომასი მიიჩნევა, რომელმაც მანამდე იმ დროისათვის ფენომენალური მსოფლიო რეკორდი დაამყარა — 222 სმ გადალახა. სერიოზული მეტოქეები არიან მელბურნის ოლიმპიადის ჩემპიონი ჩარლზ დიუმასი, შვედი პეტერსენი, რობერტის თანაგუნდელები — ბოლშოვი და ბრუმელი. რობერტ შავლაყაძეს კი ფავორიტად არავინ მიიჩნევს, არც კი ახსენებენ.

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშირობერტ შავლაყაძე ნახტომში
ვიღაცამ „ფორო იტალიკოს“ გადაუფრინა – რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
რობერტ შავლაყაძე ნახტომში

ამან კიდევ უფრო „გააბრაზა“ ქართველი, რომელმაც ამ ამბებამდე ერთი წლით ადრე ფილადელფიაში ერთხელ უკვე დაჯაბნა ამერიკელები. მაშინ სწორედ ჯონ თომასმა (რომელიც იმხანად ამერიკის ნაკრების სათადარიგო გახლდათ) პირველმა მიულოცა გამარჯვება... 

რომის ოლიმპიადა სადაცაა დასრულდება. სიმაღლეზე ხტომა რატომღაც სულ ბოლო სახეობაა. მთელი ერთი კვირა გაგრძელდა ლოდინი და გადამწყვეტი მომენტიც დადგა. საწყისი სიმაღლე — 190 სმ მედლის ყველა პრეტენდენტმა გამოტოვა. 195 სმ ყველამ იოლად დაძლია შავლაყაძის გარდა, რომელმაც… ეს სიმაღლე გამოტოვა და ასპარეზობაში 2,0 მეტრიდან ჩაერთო. ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური დარტყმა. ქართველი სპორტსმენი მომდევნო 203 სანტიმეტრს პირველივე ცდით გადაევლო. იგი უკვე ლიდერია. 206 სმ-ის შემდეგ არენას ექვსი სპორტსმენიღა შემორჩა: სამი საბჭოელი, პეტერსენი და ორი ამერიკელი — თომასი და დიუმასი. 212 სანტიმეტრს, ანუ ოლიმპიურ რეკორდს დიუმასი და პეტერსენი „შეეწირნენ“. რობერტ შავლაყაძე კი ისევ პირველი ცდით იღებს სიმაღლეს. თამასა მეორე ცდით დაძლიეს ბოლშოვმა და ბრუმელმა.

აქ ჯონ თომასმა საპასუხო ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება გადაწყვიტა და სიმაღლე გამოტოვა. 214 სმ ახალი ოლიმპიური რეკორდი გახდა. სტადიონზე პროჟექტორები აანთეს. ხალხი სახტომი სექტორის მხარეს მიაწყდა. პირველი ცდა: ბოლშოვი და ბრუმელი თამასას წამოედნენ. შავლაყაძე ისევ შეუდარებელია. ახლა ამერიკელის ჯერია…

გაცუდებული ნახტომის შემდეგ თომასი კარგა ხანს ვერ მოაცილეს ორმოს. როგორც იქნა, მსაჯებმა გააგებინეს, რომ რუსი მხტომელების ჯერი იყო. მეორე ცდაზე ყველა მათგანმა დაძლია სიმაღლე, მაგრამ ქართველი ისევ პირველია და თუ მომდევნო სიმაღლეს კვლავ პირველივე ჯერზე აიღებს, ეს უკვე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს სამივე მოწინააღმდეგეს. 

© photo: Sputnik / David Sholomovich / გადასვლა მედიაბანკშირობერტ შავლაყაძე
ვიღაცამ „ფორო იტალიკოს“ გადაუფრინა – რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
რობერტ შავლაყაძე

216 სმ ცოტა ხნის წინ მსოფლიო რეკორდი იყო. ბოლშოვი და ბრუმელი თამასას წამოედნენ. შავლაყაძის ჯერია. აი, აქ და ახლა უნდა ჩააქსოვოს მთელი ცოდნა, ენერგია და თავდადება. სანტიმეტრებში გაზომილი რვა ნაბიჯი და... ქართველი ათლეტი უზადოდ გადაევლო თამასას.

სტადიონზე სამარისებული სიჩუმეა. ყველა ხვდება, რომ ეს მომენტი იმ დღის კულმინაციაა. ჯონ თომასი დიდხანს ემზადება, მაგრამ მისი ნახტომები უშედეგო გამოდგა. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თბილისელი რობერტ შავლაყაძეა!

მეორე დღეს ჯონ თომასს ჰკითხეს, რა მოხდა, რატომ წააგეო. არაფერიც არ მომხდარა, მე უდიდეს მხტომელთან წავაგე და სულაც არ მგონია, რომ მესამე ადგილი ურიგო შედეგიაო, უპასუხა ამერიკელმა.

თავად რობერტ შავლაყაძე კი ამერიკელის დამარცხებას ასე ხსნიდა: „მას ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ აკლდა მთავარი — შეუპოვრობა და მიზნისთვის თავგანწირული ბრძოლა“...

ყველა ახალი ამბავი
0