ქართული ჭიდაობა

ქართული ჭიდაობა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა

64
(განახლებულია 13:56 30.08.2019)
საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფედერაცია საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანი საბრძოლო ხელოვნების ტრადიციული ფასეულობების სწავლება და პოპულარიზაციაა.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სამხრეთ კორეის ქალაქ შუნგ-ჩუნგში საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფედერაციის კონგრესზე ცნობილი გახდა, რომ ქართული ჭიდაობა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა, იუწყება პირველი არხი.

„სასიხარულოა, რომ კონგრესზე ქართული ჭიდაობა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციაში გაწევრიანდა. ეს არის აღიარებაც და დაფასებაც, რადგან მსოფლიო ასოციაცია მხოლოდ უძველეს და ყველაზე პოპულარულ სახეობებს აერთიანებს", – განაცხადა ტელეარხთან ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა, რომელიც საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფედერაციის კონგრესს ესწრება.

საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფედერაცია (WFMAF) საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია. მისი მიზანი საბრძოლო ხელოვნების ტრადიციული ფასეულობების სწავლება და პოპულარიზაცია.

ჭიდაობა ორთაბრძოლის ქართული სახეობაა. ჭიდაობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძველ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ პირველწყაროებში ჭიდაობა „რკენის" სახელწოდებით არის ცნობილი.

ქართულ ჭიდაობა თავისი ფორმითა და შეჯიბრების წესებით განსხვავდება სხვა ჭიდაობებისგან. აქ ჭიდაობა მიმდინარეობს დგომში, იკრძალება წაქცეულ და დაჩოქილ მეტოქეზე შეტევა, მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ჩატარება, შებოჭვა, ფეხებში ხელის წავლება და სხვ. ილეთები სრულდება მაღალ ტემპში, საჭიდაო მუსიკასთან ერთად, სწრაფად და ელვისებურად.

ჭიდაობის ქართულ სახეობას 2014 წელს საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2018 წელს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ასევე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.), ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.), ტრადიციული ქართული სუფრა (2017 წ.).

64
თემები:
სპორტის ამბები (405)