პირველად წყალტუბოში: ქალაქმა მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა

© photo: Tskaltubo Municipality City Hall / FBაგროტურისტული ფესტივალი წყალტუბოში
აგროტურისტული ფესტივალი წყალტუბოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგროფესტივალზე მყოფი მეწარმეები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს, ღონისძიება ფოლკლორული კონცერტით დასრულდა

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გუშინ პირველად „იმერეთის აგროტურისტული ფესტივალი“ გაიმართა, აღნიშნულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფესტივალის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარება, ტურისტებისა და დამსვენებლების მოზიდვაა. ფესტივალის ფარგლებში პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

აგროფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა რეგიონების მასშტაბით აგროფესტივალების ჩატარებას, რათა ხელი შეუწყოს აგროტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ფესტივალში მონაწილეობა იმერეთის რეგიონში მოქმედმა საწარმოებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ფერმერულმა მეურნეობებმა მიიღეს. აგროფესტივალზე წარმოდგენილი იყო იმერული სამზარეულო, იშვიათი ჯიშის ყურძნის ღვინო.

სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია წარმოადგინეს: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები.

აგროფესტივალზე მყოფი მეწარმეები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს, ღონისძიება ფოლკლოორული კონცერტით დასრულდა.

ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0