შახტი

ხელფასების 50%-იანი ზრდა არარეალურია? მაღაროელებს მუშაობისკენ მოუწოდებენ

26
(განახლებულია 19:16 22.05.2019)
კომპანიამ Georgian Manganese გაფიცული მეშახტეები 2018 წლის კოლექტიური შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. კომპანიამ Georgian Manganese ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოუწოდა, არ აჰყვნენ „დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების" პროვოკაციებს და სამუშაოს დაუბრუნდნენ, იუწყება პირველი არხი.

გაფიცვა 15 მაისს, საღამოს 150-ზე მეტმა მაღაროელმა გამოაცხადა. მათ ქალაქის ცენტრში კარავიც გაშალეს, სადაც 15 ადამიანი იმყოფება. ამასთან ერთად, მათ შიმშილობაც დაიწყეს. მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

გაფიცულები მოითხოვენ ხელფასების 50%-იან ზრდას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო დაზღვევასა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. ისინი ასევე მოითხოვენ გამოტოვებული დღეების საფასურის ანაზღაურებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას.

გაფიცვა არ შედგა: ჭიათურელ მეშახტეებს ხელფასები გაუზარდეს>>

Georgian Manganese-მა მოთხოვნებს ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით არაადეკვატური უწოდა.

„კომპანია კვლავ მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს შპს „ჯორჯიან მანგანეზში" დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე ხელფასის 25-პროცენტიანი მატება მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Georgian Manganese-ის ინფორმაციით, პროფკავშირებთან 2018 წლის შეთანხმების საფუძველზე მაღაროელებს ხელფასები 10%-ით გაუზარდეს. ამის სანაცვლოდ მათ აიღეს ვალდებულება, რომ სამი წლის განმავლობაში არ გაიფიცებოდნენ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს შეთანხმება არეგულირებს. მაგრამ კომპანიის თანამშრომლებმა ეს პირობა დაარღვიეს.

Georgian Manganese წარმოადგენს Georgian American Alloys Company-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი შახტების ოპერატორია.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება 1879 წლიდან მიმდინარეობს.

ამჟამად ჭიათურაში ცხრიდან ხუთი შახტი არ მუშაობს, განაცხადა პროფკავშირების ქიმიური და სამთო-მეტალურგიული დარგის თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ.

26