ბახტაძემ უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა: ტერაქტი აღკვეთილია

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს სუს-მა განაცხადა, რომ აღკვეთა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დაგეგმილი ტერაქტი. გარდა ამისა, გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ორი მამაკაცი ჩეჩნურად საუბრობს და ერთ-ერთის ხმა ჰგავს მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმას.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უწყების ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერაქტის აღკვეთისთვის.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის 31 მაისს მაჩალიკაშვილმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მან რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად დაიფიცა, თავი აეფეთქებინა სუს-ის შენობაში, თუმცა გადაიფიქრა ქართველების სიყვარულის გამო.

სამშაბათს სუს-მა განაცხადა, რომ აღკვეთა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დაგეგმილი ტერაქტი. გარდა ამისა, გაავრცელა აუდიოჩანაწერიც, რომელშიც ორი მამაკაცი ჩეჩნურად საუბრობს და ერთ-ერთის ხმა ჰგავს მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმას. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების სამსახურს მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წარუდგენია, ის უბრალოდ სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მე მსურს გიპასუხოთ როგორც რიგითმა მოქალაქემ. გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე არ გამოცხადდა და ამის მიზეზად ჯერ რამადანის დაწყება დაასახელა, რომელიც მუსლიმებისთვის წმიდა თვედ მიიჩნევა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მისი ადვოკატი საქმეებითაა დაკავებული და მის გარეშე არსად არ აპირებდა მისვლას. ამასთან, სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ფალსიფიკაცია უწოდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა შვილის მკვლელობის გამოძიება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იოსებ გოგაშვილმაც.

„[მალხაზ მაჩალიკაშვილი] ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მეც მქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო ეს დანაშაული ჩაედინა“, – განაცხადა მან.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – „ტერორისტული აქტის მომზადება“ და „ცეცხლსასროლი იარაღის და/ან ასაფეთქებელი მოწყობილობის კანონსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა“. დანაშაული 10-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0