სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა

113
(განახლებულია 15:16 14.04.2019)
კედელი მხატვარმა მუსია ქებურიამ მოხატა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღის აღსანიშნავად ახალქალაქში კულტურის სახლის კედელზე ქართული ანბანით მოხატული პანო საზეიმოდ გახსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კედელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ინიციატივითა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მხატვარმა მუსია ქებურიამ მოხატა.

პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა და კონკურსში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები გამოავლინა.

„სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ სურვილი. მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მის მოქალაქეს სურს, რომ იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ. ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. ვიცი, რომ ეს თქვენც გინდათ და ჩვენც გვინდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ, ეს აღარ იქნება სურვილი, ეს იქნება განხორციელებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დედაენის დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვეფხისტყაოსნიდან სტროფები წაიკითხეს.

ქართული ენის დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავენ. თბილისში იმართება გამოფენები, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები შედგა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა.

113
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (45)