სოციალური მუშაკები პროტესტს აცხადებენ – ხელისუფლება გამოსავალს ეძებს

© Facebook / GASWსოციალური მუშაკების გაფიცვა თბილისში
სოციალური მუშაკების გაფიცვა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გაფიცულ სოციალურ აგენტებს პრობლემების გადასაჭრელად მოქმედებების გეგმის ერთობლივად შემუშავება შესთავაზა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. კვირის დასაწყისში საქართველოში სოციალური მუშაკების ნახევარზე მეტი გაიფიცა, რომელთაც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, მოქმედებების გეგმა შესთავაზა.

როგორც ცნობილია, 244 თანამშრომლიდან გაფიცულია 180. ისინი მოითხოვენ შრომის პირობების გაუმჯობესებას, თანამშრომლების შტატის გაზრდას, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფას, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის ოთახების მოწყობას. გაფიცულებს სულ 22 მოთხოვნა აქვთ.

იმისთვის, რომ არ იქნეს პარალიზებული სოციალური მომსახურების სფერო, რომელშიც, მათ შორის, შედის ბავშვებზე ძალადობის საგანგებო შემთხვევებზე რეაგირება, სამინისტრომ სამუშაოზე გამოიძახა შტატგარეშე მუშაკები, მობილიზება გაუკეთა სამინისტროს შიდა რესურსებს. გარდა ამისა, როგორც უწყების ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ განაცხადა, უკვე შემუშავებულია ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც სოციალური აგენტების შრომის პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„გაფიცვა – ეს მათი უფლებაა, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაბრუნდნენ სამოქმედო გეგმის განხილვის სამუშაო ფორმატში", – განაცხადა სერგეენკომ.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში სოციალური მუშაკების ნახევარზე მეტი გაფიცულია

მისი თქმით, უკვე დამტკიცებულია მინისტრის ბრძანება სოციალური მუშაობის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად, ისინი ადმინისტრაციული საქმიანობისგან გაათავისუფლეს. ამასთან ერთად იგეგმება 20 სპეციალიზებული სოციალური მუშაკის გადამზადება. შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევლენ სოციალური მუშაკები, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. ყველა რეგიონში გაგზავნეს თითო-თითო ავტომობილი, რომლებიც მათ განკარგულებაში იქნება. უწყებაში გაითვალისწინებენ სხვა საჭიროებებსაც და აპრილის ბოლომდე დასრულდება ყველა არსებული და აუცილებელი რესურსის აღწერა. გადაიხედება და მკაფიოდ გაიწერება სოციალური მუშაკების ფუნქციები და აუცილებელი რაოდენობა. მათთან ერთად იმუშავებენ ფსიქოლოგები და იურისტები, გარდა ამისა, გაიზრდება თავად სოცმუშაკების შტატი.

დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკების რაოდენობა წლიდან წლამდე გაიზრდება, გადაიხედება მათი ხელფასების გაზრდის საკითხი, რომელიც განისაზღვრა 2018 წელს პარლამენტში შემუშავებული კანონით „სოციალური სამუშაოს შესახებ".

სოცმუშაკების ხელფასი თბილისში არის 666 ლარი, ხოლო რეგიონებში – დაახლოებით 620 ლარი.

საქართველოში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება>>

საქართველოში სოცმუშაკების ეფექტური საქმიანობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 4 წლის გოგონას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ. ინციდენტი თბილისში მოხდა. 22 იანვარს გარდაცვლილ ბავშვს, სავარაუდოდ, სახეზე ძალადობის ნიშნები ჰქონდა. სამართალდამცველებმა ბავშვის დედა ლეილა ქსოვრელი დააპატიმრეს. მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა – ქალს შვილთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული მას შემდეგ, რაც იგი 6 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების გამო სოციალური მუშაკები სამსახურიდან გაუშვეს>>

ამ შემთხვევამდე დედას, რომელმაც თავად გადაწყვიტა ბავშვი მიმღებ ოჯახში მიებარებინა, პერიოდულად ის სახლში მიჰყავდა, ხოლო როდესაც აბრუნებდა, სოციალურ მუშაკებს ძალადობის რაიმე კვალი არ შეუნიშნავთ.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ გაათავისუფლა ოთხი სოცმუშაკი, რომლებიც ოჯახს კურირებდნენ. გარდა ამისა,

საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

ყველა ახალი ამბავი
0