TBC Bank–ის საქმე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა უშედეგოდ დასრულდა

© National Bank of Georgiaგიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულატორის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ მისი მთავარი ამოცანა ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება იყო.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაქიძის გამოკითხვამ TBC Bank–ის („თიბისი ბანკი“) საქმეზე არსებითი შედეგები არ მოგვცა, რადგან ყოფილ ბანკირს 11 წლისწინანდელი მოვლენები არ ახსოვდა, განაცხადა საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

TBC Bank-ი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

TBC bank-ის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
ახალი სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ - დაწერა თუ არა გახარიამ მუქარის წერილი

„მან გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები“, – განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც თავად ქადაგიძე აცხადებს, 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ ეროვნული ბანკის უპირველესი ამოცანა ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება იყო.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მეანაბრეების ინტერესების დაცვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქადაგიძემ.

TBC Bank-ის საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ ხელისუფლება ბიზნესზე ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

 TBC bank-ის მთავარი ოფისი თბილისში - Sputnik საქართველო
TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პარლამენტის დეპუტატებმა საკუთარი პოზიციის საკანონმდებლო ორგანოში დაფიქსირების საშუალება მისცეს. ისინი საკომიტეტო მოსმენაზე გამოვიდნენ, რომლის დროსაც ოპოზიცია TBC Bank-ის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„თიბისი ბანკი" 1992 წელს დაფუძნდა და ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ბანკია. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა და მისმა აქციებმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგი გაიარეს.

„თიბისი ბანკის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბანკის აქტივებმა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების საერთო მოცულობის 38,2%-ს შეადგენს, ხოლო ბანკის დეპოზიტები ქვეყნის საბანკო სისტემის დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%-ს შეადგენს

ყველა ახალი ამბავი
0