სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა

იაპონია საქართველოს სახანძრო მანქანებს საჩუქრად გადასცემს

172
ახალი ტექნიკა დაეხმარება ქართველ მეხანძრეებს გაუმკლავდნენ ტყის ხანძრებს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. იაპონიის მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2 სახანძრო მანქანას გადასცემს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას აწყობენ >>

საქართველო იაპონიის მთავრობის საჩუქარს იაპონიის მთავრობის საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში მიიღებს. ორ ავტომობილზე სულ 86 ათასი დოლარია გამოყოფილი.

რთულ რელიეფზე გათვლილი სახანძრო მანქანები ცეცხლის ჩაქრობას განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებშიც შეძლებენ. ისინი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს მოემსახურებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან კაკავამ იაპონიის მთავრობას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამ მხარეში ხანძრები ხშირია და მსგავსი დახმარება ძალიან აქტუალურია.

ორი სახანძრო ავტომობილის გარდა, იაპონიის მთავრობა 88 500 დოლარით დააფინანსებს თბილისში სამედიცინო ცენტრის მშენებლობას, სადაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები და მოზარდები ქიმიოთერაპიის შემდგომ რეაბილიტაციას გაივლიან. იაპონიის მთავრობა ასევე 61 ათას დოლარს გამოყოფს გორის მუნიციპალიტეტში ტექნიკის შესაძენად, რომელიც სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის გამოიყენება.

საქართველოში პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას აწყობენ >>

საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრებმა მოიცვა. ყველაზე ძლიერი ხანძარი, რომელსაც ექვსი დღე აქრობდნენ, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან მოხდა. სიტუაციას რთული მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებდა. დამწვარი ტყის ფართობი 943 ჰექტარს შეადგენდა. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ეხმარებოდნენ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.

172