მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

გამოწერა
პრემიერის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ სკოლები ორიენტირებული იყოს განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნას როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს. ამის შესახებ თავად მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო ზარი - Sputnik საქართველო
რეპეტიტორების ბიზნესი დასრულდა? - გამოსაშვები გამოცდების გაუქმებამ Facebook-ი ააფეთქა

28 იანვარს გაკეთდა განცხადება, რომ 2020 წლიდან საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდება და სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს. მიმდინარე წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასებისთვის, მე-12 კლასში კი შენარჩუნდება. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მოთხოვნით 3 თებერვალს განათლების სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავდა.

ბახტაძის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ სკოლები ორიენტირებული იყოს განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გამოცდა - Sputnik საქართველო
2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

ადრე მე-11 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს იმ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, რომელთა სწავლასაც ასრულებდნენ – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. დანარჩენ ოთხ საგანში – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია – გამოცდებს მოსწავლეები მე-12 კლასში აბარებდნენ.

ცვლილებები შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. კერძოდ, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

ყველა ახალი ამბავი
0