ექსპერტის მოსაზრება: რამდენი ავტომობილი ჩაბარდება ჯართში წლის ბოლომდე

© Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი თბილისში, სანაპიროზე
ტრანსპორტი თბილისში, სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 1,2 მილიონი ავტომობილია.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2019 წლის ბოლომდე ავტომობილების დაახლოებით 15% უვარგისად გამოცხადდება, განაცხადა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა სახის ავტომობილისთვის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა. მელაძის განცხადებით, საქართველოს ავტოპარკის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სავარაუდოდ, საუბარია დაახლოებით 1,2 მილიონ ავტომობილზე.

„ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ავტომობილების მინიმუმ 15%-ის გაჩერება მოგვიწევს. ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ. ბევრი ავტომობილი ვერ გაივლის ტექდათვალიერებას. ეს ჩემი გათვლებია, მაგრამ ვნახოთ, როგორი იქნება სტატისტიკა“, – განაცხადა მელაძემ.

მისი თქმით, უვარგისი ავტომობილების პატრონები ვერ შეძლებენ მანქანების გაყიდვას და იძულებული იქნებიან ჯართში ჩააბარონ.

„ჩემი ავტომობილის მაგალითზე გეტყვით: 10-12 წელი Ford Mondeo მყავდა. მანქანა კარგად მუშაობდა, მაგრამ ყოველ წელს მაინც რაღაც უფუჭდებოდა, თითქოს წვრილმანი, მაგრამ როცა დავითვალე რამდენი დამიჯდებოდა მისი ხელახლა აწყობა, მივხვდი, რომ აზრი არა აქვს ფულის დახარჯვას და დასაშლელად ჩავაბარე. ბევრი ავტომობილი ასე წავა ჯართში“, – განაცხადა მელაძემ.

ავტომობილის შეკეთება - Sputnik საქართველო
ტექდათვალიერებაგავლილი 130 ათასი ავტომობილიდან 40 ათასი უვარგისი აღმოჩნდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, გასული წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 1 ოქტომბრიდან კი მესამე ეტაპი დაიწყო – სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარა ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.

პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება მინიმუმ რამდენიმე ელემენტს უნდა შეიცავდეს. მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ნორმების შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლს პრობლემის გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0